top of page

ჰიბრიდული დესანტი

ვფიქრობ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ პოლიტიკურ ძალთა ამ განლაგებაში, რომელსაც პარლამენტში ვხედავთ, გიორგი გახარიას და მის კაბინეტს დიდი პრობლემები არ შეექმნებოდა. „ალიანსის“ ნათამაშევი სიმკაცრე თუ პრინციპულობა უკვე უშუალოდ ჟანრის წესებიდან გახლდათ, თორემ, ცხადია, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ რეალურად, „ოცება“ და „ალიანსი“ ერთი ბატონის სამსახურში მდგარი ძალები გახლავან.

ახლა, როდესაც ერთგვარად დალაგდა სურათი და ფლანგებზე ძალები გადაჯგუფდნენ, შეგვეძლო ახალი მთავრობის რაიმე პოლიტიკურ მიმართულებაზე გვესაუბრა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, გამოსვლები იყო წყალ-წყალა, უშინაარსო და ლოზუნგური - ვერავითარი კონკრეტიკა ვერ ვნახეთ. ყველამ კარგად დავისწავლეთ ის, რაც მინისტრობის კანდიდატებმა ჩამოამღერეს და, დაახლოებით, შეგვეძლო წარმოგვედგინა, რა განისაზღვრებოდა ძირითად პრიორიტეტებად, უშუალოდ მთავრობის ახალი მეთაურის მხრიდან - მის საპროგრამო გამოსვლაში.

გაგეცინათ, ხო? რა გასაკვირია..

გახარიას გამოსვლის ლაიტმოტივი გახლდათ მისი ურყევი სურვილი, მოსპოს ყველაფერი, რაც ასე აფერხებს „ოცნების“ უალტერნატივო ძალად აღქმის დიად ამოცანას.

უალტერნატივო პოლიტიკური ძალის ეს „სიო“ საიდან უბერავს, დიდ გამოცანას არ წარმოიადგენს - ეს აპრობირებულია რუსეთში, რომლის ინტერესიც სწორედ ესაა - საქართველოში (ან საქართველოსგან) სახელმწიფოს იმიტაციის შექმნა, სადაც ხელისუფლებაში პრორუსები არიან, ხოლო ოპოზიციაში კი... „მკაცრი და პრინციპული“ პრორუსები.

ეს ერთადერთი გეგმაა, რომელიც გახარიას შეიძლება ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, ის ვერც ამჟამინდელ სავარძელში ჩაჯდებოდა და ამაზე ბევრად ადრე, ალბათ იმ სავარძლიდანაც წამოაგდებდნენ, რომელშიც ბოლო დრომდე განთავსებულიყო. აქ ყველაზე საინტერესო შემდეგია: გახარია რუსეთის დამოუკიდებელი მოთამაშეა და, სანდრა რულოვსის ჰიპოთეზის არ იყოს, ივანიშვილი საჭირო აღარაა? თუ ის მაინც ივანიშვილის კაცია, რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს მისი ხელისუფლებაში დარჩენა? სიმართლე რომ ითქვას, ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა, მგელი დამგლეჯს თუ მგლისფერი ძაღლი. ასე რომ ჯობს კონცენტრაცია მოვახდინოთ არა მმართველი ძალის შიდა „კლიმატზე“, არამედ რუსულ ამოცანაზე, რომელიც დასახულია და ჯერ-ჯერობით სრულდება.

იმის სადემონსტრაციოდ, რომ ახალი პრემიერის გამოსვლაში არა თუ პროგრამა, არამედ მისი რომელიმე დეტალიც არ გაჟღერებულა და პირიქით, უპროგრამობის შეფუთვა მოხდა, აქ კარგ მაგალითად გამოდგება იმავე გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ბოლო საპარლამენტო მოხსენება. ის, ძირითადად, ამგვარი ლექსიკური წყობით იყო გაჯერებუილი: „..და მრავალი სხვა მიმართულებით“; ლამის ანალოგიური სურათი გვაქვს დღესაც. „ლამის“ არა იმიტომ, რომ მაშინ გახარია მინისტრი იყო, ხოლო ახლა პრემიერობის კანდიდატი გახლდათ, არამედ იმ მიზეზით, რომ ახლა გახარია საგანგებოდ ეხებოდა მგრძნობიარე რეცეპტორებს, რათა ემოციური ფონი შეეთავსებინა თავის იმიჯთან, რომელიც, რატომღაც, ჰგონია, რომ კვლავაც დადებითი აქვს, ხოლო რეპუტაცია ისევ „საქმის კაცისა“. იმავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტშიც, გახარიამ განაცხადა: „ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, უდიდესი ბოროტება ჩვენს ქვეყანაში..“ დასავლურმა მედიამ, კონრეტულად კი გერმანიის საზოგადოებრივმა მაიწყებელმა, Deutche Welle-მ ეს ფრაზა მონათლა გახარიას მცდელობად, დაედასტურებინა, რომ არ წარმოადგენს ე. წ. „მოსკოვის კაცს“, თუმცა, ამავე საკითხის ირგვლივ საუბრისას, გახარიამ დაამატა:

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია, ჩვენ ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური, სანამ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის არ იქნება აღდგენილი. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი პირველ რიგში არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, სხვა ყველა რესურსი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ

ახლა გეკითხებით: თუ ტერიტორიული მთლიანობის ომის გარეშე დაბრუნება ხელშეუხებელი წინაპირობაა, რა არის ის, რაც ოკუპანტს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას აიძულებს, ხოლო სეპარატისტებს „დამოუკიდებლობა“-ზე ააღებინებს ხელს? ასეთი, მე ერთი ვიცი მხოლოდ - რუსეთის იმპერიის ისეთივე მოულოდნელი ნგრევა, როგორიც საბჭოთა კავშირისა აღმოჩნდა. ამის შემდეგ, შესაძლოა, იქ მყოფ რუსულ ძალებს ვეღარც ჩავუსწროთ და მეტიც, წამსვლელთაგან, იქ სხვაც აღარავინ დაგვხვდეს. ანდაც, რა არის ის, რაც, მაგალითისთვის, აფხაზს სეპარატისტს აიძულებს მშვიდად უცქიროს, თუ როგორ ანგრევენ ბეტონის კონსტრუქცუიას წარწერით „გალ“?

ეს გამორიცხულია და დროა შევეგუოთ - ვიდრე არსებობს ეს რუსეთი, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე, როგორც უალტერნატივო გზაზე, მსჯელობა წყლის ნაყვაა. თუ ცხადია მზად არ ხარ დათმო ყველაფერი, რისთვისაც ათასწლეულთა თაობებს კი არა, აგერ, ჩვენს პლეადას დაუღვრია სისხლი, ოფლი და ცრემლი. შესაბამისად, თუ კი ხელშეუხებელი პრიორიტეტი უტოპიურია, გამოდის, რომ ანალოგიურია ქვეყნის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების ამოცანაც - უტოპიური. ცხადია, არ იყო მოსალოდნელი და ალბათ კრიტიკასაც დაიმსახურებდა, თუ კი გახარია გამოვიდოდა და ამ კონტექსტში რაიმე აგრესიას გამოხატავდა, ისაუბრებდა სამხედრო გადაწყვეტებზე. თუმცა, მან არც ის თქვა, რომ არასოდეს გამორიცხავს შესაძლებლობას, საქართველომ ისარგებლოს უფლებით Jus Ad Bellum (თავდაცვისა და მოგერიების უფლება). ერთი სიტყვით, ეს გახლდათ მორიგი და უკვე ჩვეულებრივი „..მრავალის სხვა მიმართულებით“, და შეიძლება ნიშნავდეს ან საკითხში სრულ არაკომპეტენტურობას, რაც ცალკე უბედურებაა, ასევე საკითხისადმი ერთგვარად ჰაი-ჰარალო, ანუ დანაშაულებრივ და, ეგებ, მტრულ დამოკიდებულებასაც.

რას დავაკვირდი, იცით? საკმარისია სხვა და სხვა პოლიტიკურ აქტორთა ის განცხადებები, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გაკეთდა, შევაჯეროთ და ვნახავთ, რომ კონსპიროილოგიასთან საქმე არ გაქვს და, შესაძლოა, სულაც, რუსეთის მორიგ ჰიბრიდულ ოპერაციაში ვიმყოფებით. თვალსაჩინოებისათვის, გახარიას ზემოთქმული პოსტულატი, „პატრიოტთა ალიანსის“ ოდინდელ და ამჟამად ხელახალი დაჟინებით ტირაჟირებულ შეხედულებას შეუდარეთ, მოარგეთ (ეს „მოარგეთ“ ნუ შეგაშინებთ - თუ არ ერგება, ვერ მოარგებთ). პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, ცხინვალსა და სოხუმთან.. სამხედრო მიუმხრობლობა და ამგვარები - ეს გახლავთ ინაშვილის ბანდის ძირითადი გზავნილი. ანუ, არა მხოლოდ ის, რომ კრემლთან მოლაპარაკებათა გამიდაზე მარტო აღვმოჩნდებით, არამედ სეპარატისტებს მარიონეტთა „თიკუნსაც“ მოვხსნით, მხარედ დავასახელებთ და, იმავე ჟენევის ფორმატში, რომელსაც ინაშვილი ესოდენ მოწყალებით „არ აუქმებს“, რუსეთი საქართველოსა და მოკავშირეებთან მარტო აღარ იქნება - ამგვარ მოლაპარაკებებზე ყველა „მხარე“ უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგრამ ეს უკვე დეტალებია და ისინი შეიძლება იყოს ათასგვარი. საბოლოოდ კი, მოსკოვი, სოხუმი, ცხვინვალი და ჩვენ მოვილაპარაკებთ და ამის შედეგ, „ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური..“ ნიშნით.

ცნობილმა Le Figaro-მ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც შევეჩვიეთ, საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ პოლიტიკოსის სიტყვებიდან, ელემენტარულად, აზრზს ვერ გამოიტან - შინაარს ვერ მიხვდები ნათქვამისას. არადა, როგორი დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს მის პერსონასთან, ფაქტია: საქართველოს პრეზიდენტია და, ამდენად, მისი ყველა გამოსვლა საყურადღებოა - უნდა ვცადოთ გავიგოთ, რას ამბობს და რა შეიძლება ჰქონდეს მხედველობაში. და განა იმიტომ, რომ ის რაიმე ნიშნით დამოუკიდებელი მოთამაშეა და მისი პოზიცია ან გადაწყვეტილება რამეზე გავლენას მოახდენს, არამედ იმ მიზნით, რომ ეგებ და შევიტყოთ, ზოგადად რა შეიძლება ჰქონდეს ჩაფიქრებული იმ მრავალფეროვან და მრავალსაცეცებიან ინტერეს-ჯგუფს, რომლის მოთავეც ცნობილია და რომლის მეცადინეობითაც, ზურაბიშვილი დღეს ამ სტატუსის მატარებელია. შესაბამისად, მისი იდეებისა თუ შეხედულებების გამავრცელებელიც. ყველას აქვს უფლება არ დამეთანხმოს - კაცს თუ თვალი დაუხუჭავს და ყურზე ხელები აუფარებია, რას გავაწყობ? სალომე ზურაბიშვილის განცხადებათა სათანადოდ აღქმის მცდელობებში, რა ექსპერიმენტს აღარ მივმართე. საბოლოოდ, ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავე: ერთხელაც, ავდექი და გავაწყვიტე, რომ ვინიდან ამ ქალბატონის სიტყვებიდან შინაარსის გამოტანა ხშირად არ ხერხდება.. უბრალოდ, არ გამოდის, იქნებ სტრიქონებს შორის მაინც შევძლო რამის ამოკითხვა-მეთქი. ბედი არ გინდა? პირველად სწორედ ამ ტექსტზე მოვსინჯე:

ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც. მინდა, რომ საშუალება გვქონდეს იქ შესვლის, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა,  ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს.

ის ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა, „რამდენადაც ეს შესაძლებელია“, გამოწვევა და აბსოლუტური მიზანია - რას ნიშნავს „რამდენადაც ეს შესაძლებელია“?წევრობა ან არის შესაძლებელია, ან არა.

შეიძლება, რაღაც დონეზე შესაძლებელი იყოს და მცირედად, ვთქვათ, არა? ხომ არ იგულისხმება აქ ის ვითარება, რაც სხვაობის სახით ჩამოკიდებულა საქართველოს დე-იურე და დე-ფაქტო საზღვრებს შორის? აქ ზურაბიშვილი აგრძელებს და აცხადებს, რომ, სურს თავისი ვადის ამოწურვამდე გადაჭრას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. დააკვირდით - არა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ან მიაღწიოს საოკუპაციო ჯარების გასვლას და სარკოზის შეთანხმების სრულ რეალიზაციას, არმედ „საკითხის გადაჭრა“. პრინციპში, ეს ლამის თეორიდიულადაც გამორიცხულია, მაგრამ აი, რომ ადგეს და სეპარატისტული რეგიონების დამოიკიდებლობა აღიაროს, საკითხი გადაჭრილია?..

ამ „გადაჭრის“ თავის ვერსიას, როგორც მინიშნებას, ზურაბიშვილი იქვე გვთავაზობს: „საშუალება გქვონდეს იქ შესვლის, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ..“ რაშია ეს პარალიზება გამოხატული? იმაში ხომ არა, რომ არ ვითვალისწინებთ რუსეთის მიერ შემოთავაზებული „ახალი რეალობის“ სინამდვილეს და სეპარატისტებს მხარედ არ განვიხილავთ? და თუ ამას შევძლებთ, მაშინ „იქ“ შესვლაც შესაძლებელი გახდება? საბოლოო ჯამში, იმის თქმა მსურს, რომ გახარია, თავისი ივანიშვილიანად; ზურაბიშვილი, თავისი დაპირებიანად, რომ ეს პოლიტიკაში მისი ბოლო წლებია და ინაშვილი თავისი მოურავიანა ახალი რუსული გეგმის სხვა და სხვა ეპიზოდის შემსრულებლები არიან და ცალკე და ერთობლივად ჰქმნიან ამ ტრაგიკომედიას.


 
 
 

Comments


bottom of page