ხრამთან
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 18, 2020
- 3 min read
ამ კვირის მთავარ ამბად, მაინც NDI-ის კვლევა დარჩ
ა. შოთაძის დაბრუნება კი „ეჭიდავა“, მაგრამ საბოლოოდ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ეს კვლევა, თავისი შედეგებიანად და ეს უტიფარი რეინკარნაცია გადაებან.
ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზოგადად, მოვლენათა განვითარების და, შესაბამისად, ინფორმაციათა ტირაჟირების ტენდენცია ისეთია, ახალი კვირა, ახალ Top-თემას „გამოაცხობს“, და დიდია შანსი, დეტონატორი ისევ და ისევ აღნიშნული კვლევის ზოგიერთი შედეგი გახდეს... ხოლო შოთაძე, როგორც ინსტრუმენტი, გახდეს სალაშინი, რომელიც ერთი კარგა მაგრად გარანდავს. მომავალ სავარაუდოთა Top-თემებს შორის, კალაძისა საკმაოდ რეალური „კანდიდატია“. კვირის დასაწყისში მაინც, ძირითად ამბად ალბათ შენარჩუნდება. თუმცა, უკვე საკმაო ხანია, საქართველოში უქმე დღეები აღარაა რელაქსაციის - უფრო დაძაბული ანონსია მომდევნო კვირისა და, ესეც უნდა აღინიშნოს - ბევრია დამოკიდებული ოპოზიციურ მედიაზე - სიურპრიზი სავსებით მოსალოდნელია. ასეა თუ ისე, თბილისის მერის პოლიტიკური დღევანდელობა, უინტერესო არც ამ პირობებშია, როდესაც ის კვლავაც იქა დგას, სადაცა დგას და, სხვაგვარად არ ძალუძს. რამდენ ხანს გასტანს ეს?

ჩემი აზრით, ამ ხნის მანძილზე, ერთხელ მაინც, გარანტირებულად და, ეგებ რამდენჯერმეც, ივანიშვილის გონებაში გაკრთა აზრი, რომ კალაძე დათანხმდება.. გაკრთა - ეგ იყო და ეგ. არა ერთ რამეს მიაწერენ კალაძეს. და კიდევ მეტის დაბრალებაც შეიძლება, მაგრამ იდიოტი, ნამდვილად არ არის - ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღჭურვილ თანამდებობას, ბევრად ჟღერად, თუმცაღა დანიშვნად პრემიერ-მინისტრობაზე არ გაცვლის. ჰოდა, გამომდინარე იქიდან, რომ არა თუ მოქმედ პრემიერს (დადებითად - 4%), პარლამენტის თავჯდომარესა და პრეზიდენტს (დადებითად - 1.1%), არამედ თავად ივანიშვილსაც (ის რომ სახელისუფლებო ანგარიში ითვლებოდეს), „კატა“-ს ჩაუტარებდა, უთუოდ, ვინაიდან ხელისუფალთა შორის, კალაძე ლიდერია - მის საქმიანობას დადებითად 13% აფასებს, ხოლო რა იქნებოდა არაჩრდილოვანი ივანიშვილის მაჩვენებელი, ეშმაკმა უწყის.
გაითვალისწინეთ, რომ როგორც არჩეული მერი, კალაძე დრომდე ხელშეუხებელია, ხოლო როდესაც დედაქალაქელებს მერის არჩევნები მოგვიწევს, ვინ იცის სად იქნება ივანიშვილი... ასე რომ კალაძე, ზოგად კონტექსტშიც და ამ ვითარებაშიც, საფრთხისშემცველია. ივანიშვილმა საფრთხის განეიტრალების მრავალი მეთოდი იცის, ალბათ, მაგრამ ჩვენში, ძირითადად, ერთი აქვს აპრობირებული და თუ კალაძე საფრთხეა, თანამდებობიდან ვერ ხსნის და უფრო მაღალსაც, ვერაფერს სთავაზობს.. მაშინ საქმეში „ჭრა-კერვის“ ოსტატები უნდა ჩააბას და „შეკეროს“ საქმე. მაგრამ.. რა შეკერვა კალაძეს უნდა? - არ ვიკითხოთ?
მეორესმხრივ, ვინ იცის რას და სად ინახავს კალაძე? - ცენტრალური მცველია მაინც.
ამ ხნის მანძილზე მან ათობით ათასი კილომეტრი იფრინა.. მას აქვს კავშირები და ალბათ იმგვარი, რომლის თაობაზე ივანიშვილი აზრზეც არაა..
მაგრამ ამ ცენტრალურ მცველს, ხანდახან, ორივე ფეხი მარცხენა აქვს და ქართველებმა ეს კარგად ვუწყით. საუბრები ივანიშვილისთვის „ქართული ოცნების“ წართმევის შესახებ, ბავშვურ ფანტაზიორობას მაგონებს - დიდი-დიდი, კალაძე გამოეყოს „ოცნებას“ და არ მგონია, ამ დისკრედიტირებული დასახელების გამო გაისარჯოს. დაირმქვს რამეს, წინ „ფორცა“-ს დართვით.
ისე, ეჭვი მაქვს, ჭიჭინაძე, ბესელია და ამ კალიბრის ინდივიდები, თუ შანსი მიეცათ, „იმ“ ოცნების იდეალების საბაბით, მიეტმასნებიან. მაგრამ..
აქამდე, ჯერ კალაძემ უნდა ჩათვალოს, რომ დროა. უნდა ეიმედებოდეს, რომ შეუძლია. უნდა მიიჩნიოს, რომ ღირს.. ან,უბრალოდ, რისკოს, რაც, რატომღაც, ნაკლებსავარაუდო მგონია. რას შეიძლება ნიშნავდეს მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ კორუფციაში მხილებულთა დანდობა არ იქნება? ბევრმა, ეს ჩათვალა მის მზაობად, გაწიროს ყველა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საპასუხო სიგნალი გახლდათ, რომლის შინაარსიც ამგვარია: დაიწყებ, დავიწყებ - აღძრავ, ავღძრავ. წინააღმდეგ შემთვევაში, „ოცნებას“ გამოყოფილი კალაძე, უბრალოდ დაუცდის მერის მომდევნო არჩევნებს და არ ეცდება პარლამენტში თუნდაც ფრაქცია იყოლიოს? კარგით რა... ანუ, მას პარტიაც ესაჭიროება და გუნდიც - და არა მხოლოდ სიის ფორმირებისთვის. ჰყავს კი მას იმდენი ერთგული და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური კადრი, რომ მერიაში გავლენა შეინარჩუნოს და საპარლამენტო ორომტრიალშიც იყოს ჩართული/ აი, სწორედ აქ იკვეთება ბესელიას და მისთანათა როლი, მაგრამ, ცხადია, თეორიაში. ისე ი, რა შანსები აქვს კალაძის სიას არ ვიცი, მაგრამ თუ კი მისი პირველი ნომერი თავად მერი იქნება, შანსები გაიზრდება - ფაქტია. საერთოდ, თუ დააკვირდით, განხილვიდან, რატომღაც, ამოღებულია შესაძლებლობა, სადაც კალაძე არსად მიდის. ახლა, ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დასაშვები - თუ კი პრემიერ-მინისტრის პოსტს ივანიშვილი დაიკავებს. მეტიც, ასეთ შემთვევაში, კალაძის ფასიც და მისი დემონსტრაციული ერთგულების ფასიც გაიზრდება. და შოთაძე, თავისი ფარცხალაძიანა.. თუ პირიქით - ფარცხალაძე, იმ თავისი შოთაძით? რეალურად, ჩვენ არ ვიცით არის თუ არა რაიმე სერიოზული დაპირისპირება კალაძესა და ფარცხალაძეს შორის - ვიცით მხოლო ის, რომ ამაზე მუდმივად საუბრობენ. ცხადია, სადაც კვამლია, იქ წვაც მიმდინარეობს, მაგრამ, მეორესმხრივ, წვიმს კი ისე, როგორც ქუხს? ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ: ივანიშვილი იმ მდგომარეობაში არ გახლავთ, რომ კალაძეს იოლად შეელიოს. ფარცხალაძეს უფრო „დაშლის მარტივ მამრავლებად“, ვიდრე მსოფლიოში სახელგანთქმულ სპორცმენტს. არის კიდევ ერთი ჰიპოთეზა: ეს ყველაფერი დიდი საარჩევნო „ოპერაციის“ პრელუდიაა და ივანიშვილი, „ოცნების“ რიგებში კორუფციასთან და სხვა უკანონობებთან დაუნდობელი მებრძოლის როლში მოგვევლინება. ჰოდა, დაგდებული თავებით, მინარეთს დადგამს უზუნ-ჰასანივით, ოღონც და გაძვრეს, დასხლტდეს, გააღწიოს.
Comments