top of page

ციხე შიგნიდან..

საქართველო არა ერთი ნიშნითაა უნიკალური და ფეოდალიზმის, როგორც საზოგადოებრივი ფორმაციის ჩვენეული აღქმა, გაგება და რეალიზაცია, ასევე, სრულიად უანალოგოა. საუბარი პატრონ-ყმობაზეა. ახლა, აქ არ არის იმის დრო, რომ ყმისა და პატრონის ურთიერთობათა დეტალები მიმოვიხილოთ და არც იმისა, რომ ჩავუღრმავდეთ, თუ როდის და როგორ ჩანაცვლდა იგი მახინჯი ბატონ-ყმობით. მაგრამ ერთის აღნიშვნა კი ღირს: ამ ურთიერთობებში, ვალდებულება არა მხოლოდ ორმხრივი იყო, არამედ პატრონისათვის, ისევე, როგორც ყმისთვისაც, ეს პრესტიჟის საკითხიც გახლდათ.

რუსულ „კრეპოსტიჩესტვოს“ ხსენებაც არ ღირს, ვინაიდან ამ „მონღოლური ყაიდის“ ურთიერთობების ჩვენს ცნობიერებაში ჩაკვეხება, ცუდად გვაქვს ნაწვნევი და ბევრი ვიცით.

მხოლოდ ის ვთქვათ, რომ პატრონ-ყმობის ბატონ-ყმობით ჩანაცვლების, ანუ ფორმაციის რეგრესის გზაზე, ეს რუსული „თარგი“ კუბოს ფიცრის ბოლო ლურსმანი აღმოჩნდა - შედეგები სახეზეა და არა მხოლოდ ფიზიკურ გამოვლინებაში. დააკვირდით: ის, რომ ყმა დოვლათსა და კეთილდღეობაში ყოფილიყო, კარგად შემოსილიყო, კარგ ცხენზე ამხედრებულიყო და ა. შ., პატრონის თავმოყვარეობისა და რენომეს საკითხი გახლდათ. იგი ბატონი და უსიტყვო მორჩილებას გამოკიდებული ღმერთკაცი კი არა, პატრონი იყო. და საპატრონოზე ზრუნვა, ვალდებულებასთან ერთად, რეპუტაციას უკავშირდებოდა. ალბათ სწორედ აქედან იღებს სათავეს გაგება „უპატრონო“.

კი, დღეს, ამ სიტყვას სხვა და არა ერთი გაგება აქვს და ათასგვარად შეგვიძლია განვმარტოთ ან მეტაფორად ვაქციოდ, მაგრამ საწყისში, როგორც ჩანს, ის იხმარებოდა იმგვარი ინდივიდის მიმართ, რომელსაც არ ეტყობოდა, რომ „კაი პატრონისა“ გახლდათ. როგორც ჩანს, ერთ დროს სასარგებლო, ჯანსაღ ურთიერთობათა ეს უნიკალურობა, კვალს დღესაც ავლენს, თუმცა, უნდა ითქვას, ყოვლად საზიანოს. რადგან კვდომისა და ხრწნის გზაზე მდგომ საქართველოში, უკვალოდ არც შემდგომ დამახინჯებას ჩაუვლია - სახეზე ერთგვარი მიქსია.

ეს ძალიან ცუდია, მაგრამ დამახინჯებულმა ფორმებმა, რა გასაკვირია და, გამოვლინებებიც მახინჯი ჰპოვეს. ეს უკვე შეგნები დონემდეა შეღწეული და მენტალობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი საკეთებლი, სხვამ აკეთოს, ჩვენ კი შედეგები ვიმკათ იმ დამსახურებების გამო, რომელიც მხოლოდ იმიტომ გვეკუთვნის, რომ დიადი ხალხის შთამომავლები ვართ, თორემ თავად, იმ სიდიადისა, არაფერი გვცხია. ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა, და შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება ჩვენი თავისუფლებისადმი ლტოლვის გულწრფელობაც, რადგან როგორც ფროიდი ბრძანებდა, „სინამდვილეში, ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან ის პასუხიმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი, გაურბის პასუხიმგბელობას.“

ამიტომაც, ჩვენ გამუდმებით დავეძებთ ვინმე პატრონს, ბაბაიას, როგოც ერთგვარ ტერმინად დამკვიდრდა. ვინმეს, ვინც გვაცლის კოტრიალს და, საჭიროების შემთხვევაში, იმის ძებნაც არ იქნება საჭირო, ვისაც ჩვენი ეს ყოფა დაბრალდება. დაახლოებით 20 წლის წინ შევნიშნე, რომ არა ერთი თანამოქალაქე, საქმეს ასე უცქერდა: დროა კაცობრიობამ გვაღიაროს მოზეუმად, შემოგვღობონ და გვიპატრონონ. ეს კაპიტულაციაა! სწორედ ამ ელემენტებს ვგულისხმობ ხოლმე, როდესაც ვამბობ, რომ მათ „ქვეყანა საქართველო“ უჯობთ, „სახელმწიფო საქართველო“-ს აი, გაიხსენეთ აკაკი ბაქრაძის ეს შეგონება:

პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან... აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც. გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა იყოს ეს ანდაზა ძველი. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი, როცა ჩვენში ლაჩრობა არ ყოფილა პატივცემული. ანდაზა, ალბათ, მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა, როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო. („ბაბა“ თურქულად „მამას“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობით იხმარება იგი დღესაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში). რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით. გიორგი ბრწყინვალის საქართველო რომ დაეცა, იმის მერე ვის არ ვეძახეთ ბაბაია- სპარსეთს, თურქეთს, რუსეთს, არ გამოვიდა არაფერი. მტერი მტრად დარჩა. ჩვენ საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს ბაბაიას თუ დაუძახებდნენ ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. ბაბაიამ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც. ბაგრატიონთა გვარი სამად დაჰყო- გრუზინსკად, მუხრანსკად, და იმერეტინსკად- და საერთოდ გააქრო ისტორიის ასპარეზიდან...

უხეში გათვლით, ეს დაახლოებით 30 წლის წინ ითქვა. შედეგი? საქართველო, მას მერე, რაც თავისუფლების გზაზე ზიგზაგებით იარა, კვლავ „ბაბაიას დიპლომატიის“ გზაზე შედგომას აპირებს. ანდაც, უპირებენ - ეს არც ქართველი ხალხის არჩევანია, და არც გადაწყვეტილება. ცხადია, ვერ უარვყოფთ, რომ „საწინააღმდეგო ბანაკშიც“ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, რომ სწორედ აქ და ამიტომ არის სათანადო სიტყვა „ღალატი“? მესმის, ამ განსაზღვრებამაც დაკარგა პირველადი გაგება და გაიაფდა, მაგრამ არსი უცვლელი დარჩა. და ყოველგვარი ყალბი რიდისა და თავაზიანობის გარეშე - ეს მოქალაქეები საქართველოს ღალატობენ. მის ინტერესებს, რადგან რუსეთთან სიამტკბილობა, საქართველოს ინტერესების გრძელ სიაში მგონი ბოლო ფურცელზე წერია და ისიც, საგანგებო დათქმით, რომელსაც შესრულება, ალბათ არასოდეს უწერია, ვინაიდან რუსისგან ცივილიზებულობას მოითხოვს. ახლა, გეკითხებით: როდესაც ხელისუფლება და ადამიანთა თუნდაც მრავალრიცხოვანი ჯგუფი, მაღალი მიზნებისა და საშვილიშვილო საქმის „საწებლით“ სამშობლოს ინტერესებს ღალატობს, მათი დანდობა და არმხილება, იგივე ღალატი არ არის? მაგრამ ეგებ მტრის გეგმაც სწორედ ესაა, რომ მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერებისთვის სათანადო ადგილის მიჩენა, დროს კი არ მივანდოთ, არამედ მკლავი მოვახმაროთ ამ საქმეს და მერე, რაიმე თითიდან გამოწოვილი საბაბით, და საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, რუსი მოვა „მშვიდობის დასამყარებლად.“ ეს დაუშვებელია! მტრის გეგმისთვის, მასში ჩვენი რაიმე მონაწილეობაც საკმარისია. ამდენად, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.

საერთოდ, ახლა არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა. კრეატიულობა, საჭირო დროს და დოზით, უდიდესი ძალის მატარებელია. აქ მაინც გვაქვს საგრძნობი უპირატესობა და ა, ახლაა ჟამი.


Comments


bottom of page