ცერბერი
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Sep 6, 2019
- 2 min read
ცხადია არავის ირწმუნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ან გეგმავს რამეს, ან გამკეთებელია რამისა. პრინციპში, ძალიან ჭირს დავასახელოთ რაიმე საქვეყნო საქმე, რომელიც მან წამოიწყო და დაასრულა - ამისთვის მას არ ეყო არც ერთი მაღალი თანამდებობა, რომელიც ამ ხნის მანძილზე ეკავა. ძირითადად, იგი ტიპიური ლაპარაკის აპარატია და ამის დასტურად, ის ასანთის საწარმოც კმარა, რომელიც დიდის რიხით დაგვიანონსა, თუმცა, ანონსადვე შეგვრჩა.

ვფიქრობ, ანალოგიურად დასრულდება სამხედრო-საწარმოო კომპლექსის აღმავლობის ის ომახიანი „აფიშაც“, რომელიც ორი დღეა აგვაფარეს. როდესაც ღარიბაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნდა, ჩავთვალე, რომ მისი ამოცანა შიდაპარტიული წმენდა გახლდათ. ამიტომაც ვუწოდე „უტილიზატორი ირაკლი“ და ამ აზრს მხოლოდ მე არ ვავითარებდი. მაგალითად, პოლიტილოგი ხათუნდა ლაგაზიძე მიიჩნევდა, რომ:
„..მისი სახით შეიძლება „ოცნებამ“ ძველი გვარდია დაიბრუნოს. სიმბოლური დატვირთვა აქვს მის დაბრუნებას. სწორედ ძველ ამომრჩეველზეა გათვლილი. ხაზგასასმელია, რომ პარტიიდან ძველი თაობის წარმომადგენლები, უფრო კონსერვატიული პოლიტიკური ხედვების წარმომადგენლები გავიდნენ. ის დაიწყებს პარტიაში ცვლილებების განხორციელებას. ღარიბაშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ვინც დარჩა ძველი თაობიდან, ისინი მაინც შეინარჩუნონ პარტიაში, ანუ, დაშლის პროცესების შემაკავებელ ფაქტორად განიხილეს ღარიბაშვილი.".
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც, ანალოგიურ მოსაზრებას ავითარებდა:
ღარიბაშვილმა "ოცნებას" უნდა დაუბრუნოს ის ელექტორატი, რაც ჰყავდა. ლოგიკურად მან "კობახიძის ფრთა" უნდა გაწმინდოს. მისი მთავარი ამოცანა იქნება ეს, მაგრამ გამოუვა თუ არა, ეს მეორე საკითხია და ამას მომავალი გვაჩვენებს. ღარიბაშვილს თანამდებობაზე ყოფნის დროს შეიძლება არაფერი გაუკეთებია, თუმცა არც არაფერი გაუფუჭებია. ასეა თუ ისე, მას ჰყავდა თავის ელექტორატი. ასე რომ, ღარიბაშვილის დაბრუნებით, წესით უნდა მოხდეს განაწყენებული ელექტორატის დაბრუნება. იგი შიგნითაც გამოკვეთილი ლიდერი იყო, ახერხებდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნებას
მაგრამ, საბოლოოდ, პარტიაში მოვლენები მისი ხილული ზემოქმედების გარეშე წარიმართა და ამას თანმდევმა მოვლენებმა მისცეს ბიძგი. ავადსახსენებლი გავრილოვის ჩამოყვანამ და ყველაფერმა შემდგომმა, „კობახიძის ფრთა“ ისედაც მიაჩოჩა და თუ კი ღარიბაშვილის ამოცანა ეს გახლდათ, ის თავისთავად შესრულდა. დღეს, იგი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია.ბევრი საუბრობს, რომ მისი ამოცანა ამ სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესიონალებისა და პატრიოტებისგან საბოლოო გაწმენდაა. ზოგიერთის აზრით, ე. წ. „კახური კლანის“ მადის დასაკმაყოფილებლად, თავდაცვა სწორედ რომ მსუყე ლუკმაა. ბუნებრივია, რომელიმე ამ ვარაუდის ხელაღებით უარყოფა, გულუბრყვილობა იქნება, თუმცა, ამ ეტაპზე, გადაჭრით სათქმელად არ ივარგებს და სულაც, ვფიქრობ, გადაჭარბებულია. ეს საქმე ერთი ხელის დარტყმით ვერ მოთავდება - ნელი და გეგმაზომიერი პროცესის სახე უნდა მიეცეს, დროში უნდა გაიწელოს..დრო კი სწორედ ისაა, რაც ღარიბაშვილს და მის ბოსს, ყველაზე ცოტა აქვთ.მას სულ სხვა ამოცანა დაუსახეს. მოდით გავიხსენოთ: მაშინ, როდესაც ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, გიორგი გახარია მას გვერდით არ ჰყოლია... ირაკლი ღარიბაშვილი და იგივე ვახტანგ გომელაურიც, ბიძინას „პრიკუპში“ მოჰყვნენ, მაგრამ გახარია? არსად ეწერა. გახსოვთ, მოგვიანებით ის თითქოს „ტაატით“ და ნელა შემოიყვანეს სცენაზე და დღეს უკვე ნათლად ჩანს: ამ პროცესს ბიძინა არ მართავდა. ეს ყოველვე, ამავე დროს, კარგადაც ჯდება რუსულ მეთოდოლოგიაში - კაცი ჩაუსვევს. დღეს სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა დიდი სიამოვნებით მოხსნიდა გახარიას, მაგრამ ვერ მოხსნა - არ მოახსნევინეს. არადა, სცენა, სადაც ბიძინამ შეისმინა „ხმა ერისა“ და გახარია და „მისი ამფსონები“ სამაგალითოდ დაისაჯენ, სანიმუშო „მატება“ იქნებოდა პარტიისა, მისი ხელისუფლების და, რაც ნიშნადობლივია - მისი ლიდერის შერყეული რეპუტაციისთვის. საბოლოოდ, გახარია დღეს ალბათ პრემიერ-მინისტრი გახდება და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთგულება დაამტკიცა, ის ბოლომდე ბიძინას კაცი მაინც არაა. ისიც, კიდევ საკითხავია - 20 ივნის ბიძინას დაუმტკიცა ერთგულება თუ ვინმე სხვას? რა გითხრათ, ლამისაა დაღუპა ისიც და მთელი მისი „ოცნებაც“ და... მაგრამ ხელიც ვერავინ ახლო - მას მფარველობენ და ბიძინასთვისაც კი, ხელშეუხებელია - გინდა არ გინდა, ეს დასკვნა თავისით ეტენება. ამ განლაგებაში, ორი „მზირი“ უთუოდ საჭირო გახლდათ. ფორმალურად, შინაგან საქმეთა სამინისტროც და თავდაცვის სამინისტროც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, მაგრამ ვინმეს გჯერათ, რომ გახარიას ბრძანება ივანიშვილის სიტყვას გადაწონის?ახლა, ყველაზე საინტერესოა შეძლებს თუ არა გახარია რამედ დარჩენას, თუ „ბახტაძიზაციის“ მსხვერპლი გახდება და იქნება მხოლოდ „ტიტული“.
Comments