top of page

ჩემი დევიზია „მესამე რესპუბლიკა“

Updated: Jan 2, 2020

მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხოვრების მანძილზე გუნდის ფორმირებაშიც მიმიღია მონაწილეობა, ჩამოყალიბებულ გუნდშიც მივსულვარ ახალ წევრად და დაშლისთვის განწირული გუნდის გადარჩენაშიც ვყოფილვარ ჩართული.. მანამდე, არასოდეს დამუფლებია ის განცდა, რომელიც ახლა მაქვს. და ეს ნორმალურია, რადგან ადრინდელ, ზემონახსენებ შემთხვევებში, ძალიან ზედაპირულად რომ ვთქვა, გუნდი ახდენდა ინდივიდების ფორმირებას, ხოლო დღეს მაქვს განცდა, რომ ვარ იქ, სადაც ინიდივიდები აშენებენ გუნდს. და კიდევ მეტად მნიშვნელოვანი: მაშინ ერთი ჯგუფის, ან საქმისა თუ წამოწყების ირგვლივ ვერთიანდებოდით - ახლა მიზანი გაცილებით დიდი და დიადია - ყველასთვის, გნებავთ - საყოველთაოდ, სახელმწიფოდ, სამშობლოდ.. ერისა და ბერისთვის ვქმნით გუნდს. და ჩვენ გავხდებით ცხადი დასტური იმისა, რომ ქვეყანაში „მოჯამაგირეების“ დრო დასრულდა - ხალხი, ვინც საქართველოს სამსახურში ყოფნას ნიღბად იყენებდა, ხოლო გასამრჯელოდ დაუმსახურებელი მიჰონდა, უნდა წავიდნენ ქართული პოლიტიკიდან. ჩვენ საქართველოს მოჯამაგირეები არ ვართ - ჩვენ საქართველოს მსახურები ვართ! და ეს ყველაზე დიდია იმ პატივთა შორის, რომელიც მამულიშვილმა შეიძლება ინატროს. ის ბრძოლის ველზე სიცოცხლის დადებაც, ამ სამსახურიდან მოდის, მისი ნაყოფია, რადგან მტერს მსახურები ებრძვიან და არა მოჯამაგირენი!

დღევანდელობამდე სამი ათეული წლით ადრე, მაშინ როდესაც სკოლის მერხიდან წამომდგარი აუდიტორიაში შევედი და, საბოლოოდ, სტუდენტურ მოძრაობაში აღმოვჩნდი, მეც, ისევე როგორ არა ერთი თქვენგანი, ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ჩავერთე. აკი 1991 წლის 9 აპრილს მიღებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიც, რომელიც 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს ასახავდა, სწორედ 1918 წლის დამფუძნებელი კრების საქმეს აგრძელებდა..

მეორე ქართულ რესპუბლიკას მალევე წვდნენ ყელში, მაგრამ ძირითადი ამოცანა - ახალი ქართული სახელმწიფო, ხელშეუხებელი დარჩა. სხვა საკითხია ის, თუ რას წარმოადგენდა ეს წარმონაქმნი რეალობაში და პასუხობდა თუ არა იგი იმ მისწრაფებებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანში დუღდა.. მაგრამ თავად ფაქტი, რომ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არსებობას განაგრძობდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საკვანძო გახლდათ.

ზუსტად არ მახსოვს, როდის მოხდა ეს და კონკრეტულად რამ განაპირობა, მაგრამ რაღაც მომენტში, ჩავთვალე, რომ ჩვენი პლეადის ამოცანას, სრულფასოვნად შესრულებისთვის ფინალური „აქტი“ აკლდა - ქართული სახელმწიფოს, ავისა თუ კარგის, სუსტისა თუ ძლიერის ახალი თაობისთვის გადაცემა. სახელმწიფოსი, და არა ქვეყნისა, რომელიც, ისედაც, მათი იქნებოდა. მათ უნდა დახვედროდათ არა ბრძოლა სახელმწიფოს დაფუძნებისთვის, არამედ შრომა მისი შენებისას. არა სანგარი, არამედ დაზგა. არა ქვემეხი, არამედ საჭრეთელი.

და ეს, ასე თუ ისე, მოხდა - ქართული სახელმწიფო გადარჩა, ხოლო ჩვენმა ახალგაზრდობამ, ნათლად დაგვანახა, რომ მართვის სადავეების ხელში ასაღებად მზადაა - ის განათლებულია, კარგად ხედავს საკუთარ როლსა და დანიშნულებას და, რაც საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, ის შუპოვარია და სრულად აცნობიერებს, თუ რისთვის იბრძვის. ყველა საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ ისინი შეძლებენ ხორცი შეასხან იმას, რაც სრულიად ობიექტური გარემოებების გამო, ჩვენ არ ხელგვეწიფებოდა. ვაღიაროთ, ჩვენში მაინც კიდევ „სულდგმულობდა“ კოლონიალური აზროვნება.

არადა, თითქოს დავკანკალებდით საკუთარი ბრძოლის შედეგებს, მაგრამ მხედველობიდან გვრჩებოდა ის, რისი უყურადღებოდ დატოვებაც, არაფრის დიდებით იქნებოდა.

ჩვენ თავს გვახვევდნენ ყალბ ცნებებსა და ღირებულებებს, ხოლო ჭეშმარიტი ფასეულობები, გამოიყენებოდა მხოლოდ დეკორაციად. ჩვენ, რეალურად, არა თუ ვუშვებდით ამას, არამედ ვახორციელებდით - არ გქვონდა განცდა სახელმწიფოსი და მხოლოდ გადარჩენის ინსტიქტი გვამოძრავებდა. ხოლო ის, რასაც ჯიუტად ახალ ქართულ სახელმწიფოს ვუწოდებდით, წარმოადგენდა მხოლოდ ისნტრუმენტს, ანდა ასპარეზს, რათა მეტი სულმდაბლობითა და ჟინით „გადავრჩენილიყავით“.

მაგრამ გამოვაღწიეთ - ქართული სახელმწიფო არის! და თუ კი „ერთობ მეტაფორულად“ არ გამომივა, თუნდაც აი, ეს.. - დეკორაცია დგას, სცენა ხელუხლებელია. შემსრულებლებს კი აი, მალე გამოვცვლით!

დიახ, ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა არდაგვეშვა პირველი ქართული რესპუბლიკის უდღეურობა, რათა თავისუფლებაში დაბადებულ და თავისუფლების სულისკვეთებით აღზრდილ, განათლებულ, ნიჭიერ თაობებს, ასპარეზზე გამოსვლისას, ამოცანად არა სახელმწიფოს მოპოვება, არამედ აშენება ჰქონოდათ.

სხვა შემთხვევაში, ჩვენი ბრძოლა დამარცხებულად გამოცხადდებოდა, ვინაიდან შვილებსა და მათ შთამომავლებსაც მოუწევდა ის, რაც ჩვენ გხვდა წილად და, თურმე, ვერ გვივარგია. ვივარგეთ - ახალი ქართული სახელმწიფო ლამის 30 წლისაა და ის ძალიან, ძალიან ძლიერი ხალხის ხელშია. მე მათ „ტემზადალეულებს“ ვეძახი და, ცხადია, ლონდონი, თავისი მდინარიანა, აქ სრულებით პირობითია, ისევე, როგორც თერგი და „თერგდალეულობა“ გახლავთ ცოდნის, ღირებულებათა და ფასეულობების ერთობლიობა და არა გეოგრაფიული აღნიშნულება, ან/და წყურვილის მოკვლის სცენა. ისინი მოვიდნენ მოვაღწიეთ.. გამოვაღწიეთ!

ზემოთაც მოგახსენეთ.. მეორე ქართულ რესპუბლიკას მალევე ადინეს სისხლი - ეს 22 დეკემბერს დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობები ბოლომდე ჯერაც არ მოგვშუშებია, ის 22 დეკემბერი წარსულია, ისტორიაა. დღეს კი, ჩემი მყარი რწმენით, ამ 22 დეკემბერს 2019 წლისა, ახალი ბრძოლა დაიწყო - უკეთილშობილესი ბრძოლათა შორის - მომავლისთვის. თავისუფლების არა მოპოვებისთვის, ან შენარჩუნებისთვის, არამედ განვითარებისთვისათვის.

Parents for Future - ეს ამ ინიციატივის ერთგვარი სლოგანია. მამათა და შვილთა „ქიშპი“ კაცობრიობისთვის ცნობილი მოვლენაა და ის არც საქართველოსთვისაა უცხო, მაგრამ ჩვენ აქაც ახალი სიტყვის თქმა ძალგვიძს - უბრალოდ, უნდა ჩავდგეთ არიერგარდში. ეს მთავარია და ის, მნიშვნელოვანწილად, განაპირობებს კიდეც წარმატებას: ჩვენს შვილებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ ჯიქურ შეტევას, რომელიც წამოუწყიათ, ზურგი გამაგრებული აქვს. სიმართლე გითხრათ, ესოდენ მამულიშვილური საქმე, ბევრი არ მეგულება. ახლა მაჯების დაკაპიწების დროა. ჩვენ არ ვიწყებთ თავიდან - ჩვენ ვაგრძელებთ. დღეს ბევრს საუბრობენ ჩვენი ნაციის სისუსტეზე - რას აღარ გაიგებს და წაიკითავს კაცი.. ამასთან დაკავშირებით, სხვათაგან ნათქვამს დავესესხები:

ძლიერია არა ის, ვინც არასოდეს წაქცეულა, არამედ ის, ვინც მიუხედავად დაცემისა, წამოდგა და სვლა განაგრძო. ჩვენი ერის მთელი ისტორია ამ დაცემებისა და კვლავაც წამოდგომის ქრონიკაა. და ეს ჩვენი სიძლიერის უტყუარი დასტურია!

საქართველო, როგორც ქვეყანა, უკვდავია და ამაში ყველა დარმწუნდა.

აი, ქართული სახელმწიფო კი, არა ერთხელ მოუკლავთ და, მათ შორის, ჩვენი ხელითაც. დღესაც ეს სურათი გვაქვს - ოდინდელი მტერი ქართული სახელმწიფოსთვის სულის ამორთმევას ჩვენივე ხელით გეგმავს. ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული ამოცანები გაქვს და სხვათაგან გამოგვარჩევს ისიც, რომ არა თუ მხოლოდ ვაცხადებთ რაიმე გზის სიმცდარეს, არამედ სწორი მიმართულებასაც ვუთითებთ. ეს უკვე ახალი სიტყვაა და ცხადია, იგი, არაა ერთადერთი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გქვენება. წინ დიდი რკენაა და მას უთუოდ მოჰყვება ლელო!


Comments


bottom of page