top of page

შავი ზღვაკლიტული

Updated: Jan 13, 2020

„ანაკლიის“ და მასთან დაკავშირებული სხვა პროექტების მნიშვნელობის გადაჭარბება, შეუძლებელია - მას საკითხში ყოვლად ჩაუხედავი ადამიანიც აცნობიერებს და, ცხადია, აქ, მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი, ნახევართქმაა - „ანაკლია“ მოიცავს უსაფრთხოეების ამ დროისთვის ყველაზე მყარ მექანიზმს - ის პროგრესული სამყაროს სასიცოცხლო ინტერესის საგანია. ანუ, საქართველოს ახლა აქვს შესაძლებლობა, რომლის მსგავსიც, შესაძლოა, ასწლეულებია არ ჰქონია - საქართველო ჭირდება დასავლეთს ისე, როგორც არასდროს. კიდევ უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით - ცივილიზებული სამყარო თანამედროვე, დემოკრატიულ, უსაფრთხო ქართული სახელმწიფოს არსებობაში, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული.

სახელმწიფოსი და არა ქვეყნის, ან რაღაც არასტაბილური ტერიტორიის. სახელმწიფოსი სწორედ ჩამოთვლილი სტანდარტებით, თორემ ეგრე, ირანიც სახელმწიფოა და ჩრდილოეთ კორეაც. მეორესმხრივ, ამ გლობალურ თამაშში ჩართულნი არიან ძალები (ღიად და ფარულადაც, სხვათა შორის), რომლებიც არა თუ დემოკრატიული საქართველოს არსებობაში გახლავან დაინტერესებულნი, არამედ, არსებითად, ქართული სახელმწიფოს არსებობას მიიჩნევენ საფრთხედ. „ანაკლიის“ ირგვლივ იმდენი ითქვა, დაიწერა.. ვეჭვობ რაიმე ახლის თქმა შევძლო, თუმცა რაკურსს, გნებავთ განხილვის ჭრილს, განსხვავებულს შემოგთავაზებთ.

ცნობილია, რომ XII საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში, ლაშა-გიორგის სამეფოში ორი ნოინისა და 20.000 მონღოლის გამოჩენა სადაზვერვო ოპერაცია გახლდათ და ერთადერთ ამოცანას უკავშირდებოდა - ჩინგიზ-ყაენს აინტერესებდა, კავკასიონის კლდეებში მართლა არსებობდა თუ არა ლეგენდარული თუ მითიური გასასვლელი, რომელიც კასპიის ზღვაზე წრის დარტყმის, ანდაც ჩრდილოეთის მიწებისკენ სხვა გზის ამუშავების შესაძლებლობას იძლეოდა - და, შესაბამისად, დასავლეთით დაგაადგილების სხვა მარშრუტსაც ხსნიდა - ეს გაცილებით მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან იმიერკავკასიის დაუსახლებელ ტრამალებს, მჭიდროდ დასახლებული და დოვლათით სავსე ევროპა ჯობდა.

ამავე დროს, ყაენს აინტერესებდა ისიც, თუ ვინ და რა ძალები იცავდნენ ამ ლეგენდარულ კარს.

ამავე კარის (ზოგიერთ ისტ. დოკ.-ში, კარი „გოგ-მაგოგისა“) ამბავი იყო ის, რამაც „ოქროს ურდო“-სთან დაპირისპირებული თემურ-ლენგი რვაჯერ მოიყვანა ჩვენს მიწაზე. თუმცა, დიდი ჩინგის-ყაენისგან განსხვავებით, მან უკვე იცოდა ამგვარი გასასვლელის არამითიურობის - რეალურობის შესახებ.

ახლა, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ისე, მაინც აღვნიშნოთ - ზარალი კი განუზომელი მოგვაყენა, მაგრამ ისე მოკვდა, კარის კონტროლს ვერ ეღირსა.

თურქმანული ტომების ექსპანსია, როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი ხალხთა დიდი გადაადგილება, მონღოლებამდე გაცილებით ადრე დაიწყო - სელჩუკობა, შავ და თეთრბატკნიანობა.. ბოლოს, ოსმალობა.. არ ვიცი, როდის გადაწყვიტეს თურქმანულმა ტომებმა, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთული გზა გატკეპნეს და ბიზანტიაც მოინელეს, მათი გადაადგილება და მთელი ეს ექსპანსია, ჩრდილოეთის მიმართულებიდანაც წარიმართა. მომთაბარე თურქმანებს, ტრიალი სტეპის მეტი რა ჰყვარებიათ და, არასამეცნიერო, არამედ ძალიან მარტივი ლექსიკური აკინძვებით რომ მოგითხროთ, მილიონიანი მასებით და ათწლეულების მანძილზე, თურქმანობა ექსპანსიის გზას გაუყვა და ასე, შავ ზღვას ჩრდილოეთიდან დაადგა.

და რაღაც პერიოდის შემდეგ, შავ ზღვას დასავლეთში „ოსმალეთის ტბა“ შეარქვეს - იმ მომენტის სამხედრო-პილიტიკური ვითარება, ამას სავსებით ლოგიკური ხდიდა.

თემას რომ არ დავცილდეთ და ზოგად მიმოხილვაში დავრჩეთ, მხოლოდ დავამატებ, რომ მუდამ შეუპოვარი დასავლეთქართული წინააღმდეგობის გამო, ჩვენი სანაპირო ერთადერთი გახლდათ, რომელიც მის სრულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა - გარნიოზონი და ისიც, კარჩაკეტილი, მუდამ შიშის ქვეშ მყოფი - ეს იყო მაქსიმუმი, რაც ოსმალეთს იმერეთის სამეფოსა და დასავლეთქართულ სამთავროებში შეეძლო. დანარჩენი, თავის ბულგარეთიან-რუმინეთიან-ყირიმანად (სადაც არსებულ სახანოს, დღემდეე მისტირის - ჩუმად, ბალიშში), მისი გახლდათ. მისი იყო ჩრდილოეთკავკასიაც, სადაც საბოლოოდ ამოშანთულიყო ქართული გავლენა, ხოლო მოსახლეობა სუნას მიმდევარი გახდა... ჩაიკეტა ზღვა, სახმელეთო გზები და ჩაიკეტა საქართველოც - პროგრესი მიმდინარეობდა და ჩვენ არა თუ თანაავტორნი და მონაწილენი გახლდით ამ ყოველივესი, არამედ, ბედის უკუღმართობით, დამკვირვებლადაც კი არ ვარგოდით. ცნობილი ამბებია, აღარ გავაგრძელებ.

სწორედ სადღაც აქ, სახელმწიფოებრივი აზროვნების სპობა, უკვე კრეისერულ სისწრაფეებზე გავიდა. შემდეგ, იყო რუსული იმპერია, მისი ომები ოსმალეთთან, იმპერატორ ეკატერინეს ფრაზა "სული რუსული, ხოლო ხორცი ქართველთა..“ და კვლავაც, ერთგვარა, ჩაკეტილი ზღვა, თუმცა რუსეთი მაინც პროგრესი და ევროპა იყო მაშინ და აკი, დაგვეტყო კიდეც.

საბოლოოდ კი, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, დამარცხებული და დაშლილი ოსმალეთის იმპერიის ნარჩენებისგან, თანამედროვე თურქეთის შენება და ის ვითარება, რაც მონტრეს კონვენციის გაფორმების მომენტში, XX საუკუნის 30-იანებში იდგა.

მოგეხსენებათ, მონტრეს კონვენციით (1936 წ.), არაშავიზღვის ქვეყანათა სამხედრო გემებისთვის, კონკრეტული შეზღუდვა არსებობს - მათ მხოლოდ 21 დღით შეუძლიათ მანევრირება, პორტებში ვიზიტი..

ცნობისთვის, ამ კონვენციას ისეთი ქვეყნებიც მიუერთდნენ, რომელთაც ამ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, თუმცა ეთანხმებოდნენ პირობებს. ასეთთა რიცხვშია, ვთქვათ, იგივე შვეიცარია, რომლის ქალაქ მონტრეშიც ეს საერთაშორისო დოკუმენტი გაფორმდა და რის გამოც, საერთაშორისო მოხმარებაში მას „მონტრეს კონვენციად“ იხსენიებენ. რეალურად, შეზღუდვა ბოსფორის (და შემდგომ დარდანელის) სრუტის გადალახვას, ანუ „რუსულ ტბაში“ შემოცურვას არეგულირებდა და არეგულირებს, მაგრამ ახლა, გეოპოლიტიკური სურათი სრულიად განსხვავებულია.

ფოტოზე ასახულია სცენა, თუ როგორ ტოვებს Arleigh Burke USS Porter (DDG 78) ბათუმის პორტს.

აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხომალდის ეს ვიზიტი, რამდენიმე თვის წინ - ოქტომბრის დასასრულს შედგა.

პირველი წელი არაა, რაც აშშ-ის და ბრიტანული სამხედრო გემები რეგულარულად, 17-დღიანი ინტერვალები შემოდიან ზღვაში - ისე, რომ არ დაირღვეს კონვენციით დაწესებული 21 დღიანი ლიმიტი, მაგრამ, ამავე დროს ისე, რომ ალიანსის ხომალდი მუდმივად იყოს ზღვაში.

ბევრს, ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განაპირობებს: შავი ზღვის ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ალიანსის წევრები გახლავან, გაზრდილია და NATO-ს კონტროლზე საკმაოდ დიდი, შესაბამისის საზღვაო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი სანაპირო და აკვატორია აქვს აყვანილი - დღეს ვეღარავინ იტყვის, რომ ალიანსი ზღვაზე არაა. ცხადია, შეგვიძლია გვანვაცხადოთ, რომ სწორედ ამ მდგომარეობის დაბალანსებას ემსახურებოდა ჯერ აფხაზეთის, შემდეგ კი ყირიმის ანექსია, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს ზღვაზე რჩებოდა ნაკუწი, არც თუ მაღალი სარგებლობის ნოვოროსიისკის პორტით და უკრაინასთან საზიარო აზოვი. დღეს კი, მისი მილიტარისტულ-ექსპანსიონური ქმედებების წყალობითა თუ ხარჯზე, რუსეთი ახერხებს, რომ არა მხოლოდ თვალყური ადევნოს NATO-ს სწავლებებს, აეკიდოს მათ ხომალდებს.. არამედ, სულაც, გადაკეტოს ზღვის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთი და ეს, როგორც ამ რამდენიმე თვის წინ, გააკეთოს სწავლების ან რაიმე სხვა საბაბის მომიზეზებითა და საერთაშორისო ნორმების სრული უგულველყოფით.

იმავე ოქტომბრის დასაწყისში, ბათუმი საქართველო-NATO-ს კომისიას მასპინძლობდა. მას ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტტემიულერი ესწრებოდა. მან არა ერთი საყურადღებო რამ განაცხადა, თუმცა ამ ჩანაწერის კონტექსტში, მისი გამოსვლის ეს ნაწყვეტი მსურს გამოვყო:

რუსეთის სამხედრო ძალის შავ ზღვაში მუდმივი ზრდა ძალიან გვაშფოთებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ საქართველოსა და NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების თანამშრომლობა.

წლის მიწურულს კი, მოხდა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც არ იქნა სათანადოდ გაშუქებული. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონში, გასული წლის 26 დეკემბერს შევიდა შემდეგი რედაქციის დამატება: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.

და იქვე, ამ დადგენილების შემუშავებისა და დამტკიცებისათვის მთავრობას 3 თვის ვადა განესაზღვრა - ანუ, 26 მარტს, ეს ყველაფერი უკვე უნდა ამოქმედდეს.

ასევე, ცვლილება შევიდა კანონში „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, რომლის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლისათვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ხდება შესვლამდე 30 დღით ადრე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2005 წლიდან საქართველომ NATO-სთან გააფორმა შეთანხმება ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ.

ცხადია, ყველა ხვდება საქართველოს, დასავლეთის ინტერესებს - როგორც ეკონომიკურს, ასევე გლობალური უსაფრთხოების ჭრილშიც და, იმედია, არავინ იკითავს, თუ რა კავშირშია აქ ანაკლია?..

XX საუკუნის ორმოცდაათიანების დასაწყისშივე, NATO-ს შექმნიდან მალევე, თურქეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიღება მხოლოდ და მხოლოდ იმით გახლდათ განპირობებული, რომ ერთ დროს „ოსმალეთის ტბა“, „რუსულ ტბად“ ქცეულიყო. შედეგად, თითქოს შავი ზღვის მთელი სამხრეთ სანაპირო NATO-ს კონტროლის ქვეშ მოექცა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ალიანსი ზღვაზე წარმოდგენილი გახლდათ - თურქეთს, აღნიშნულ ზოლზე არა თუ სამხედრო, მეტ-ნაკლებად მოზრდილი პორტიც კი არ აუგია. ასეა თუ ისე, ფაქტია - ზღვა ამჯერად სხვა, და ბევრად სასტიკი იმპერიის მიერ ჩაიკეტა. რომელიც გვიზღუდავდა ყველაფერს და დასავლეთშიც, გვასაღებდა რუსად. შესაბამისად, კვლავაც ჩაკეტილი დარჩა საქართველო და ამის მერე, ლამის 30 წელი დაგვჭირდა იმის მტკიცება, რომ „..ვარ ქართველი, შესაბამისად, ვარ ევროპელი“. დიახ, საბჭოთა იმპერიის ნგრევამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა კარგად ვიცით, რომ NATO უმალ და თავქუდმოგლეჯილი არ შემოვარდნილა - ის ნელა მოიწევდა და მის ამგვარ ტემპს, რუსეთის სულ უფრო მზარდი წინააღმდეგობა განაპირობებდა. ეს წინააღმდეგობა არც დღეს შესუსტებულა - უფრო გამძაფრდა კიდეც და, მინდა გითხრათ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ეპოპეა, მხოლოდ ეპიზოდია - უმნიშვნელოვანესი, ეგებ საკვანძო, მაგრამ მხოლოდ ეპიზოდი დიდი პარტიისა, რომელიც ათწლეულებია მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, იგივე თურქეთი ძალიან არის დაინტერესებული, რომ საქართველომ ეს ფუნქცია მისი გვერდის ავლით შეიძინოს? ცხადია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ანკარა ან დაგმობს ამ გლობალური პროექტის, ან სკეპტიციზმს გამოავლენს. გარდა იმისა, რომ გეოგრაფია გეოგრაფიად რჩება, აქ, ამ თემაში, კულისებში უფრო მეტი სცენა თამაშდება, ვიდრე სცენაზე. თურქეთის არც თუ დავარცხნილი ურთიერთობა ვაშინგტონთან, ძველი ამბავია - არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდგომ მხოლოდ რთულდება. მისი სასოწარკვეთა, ადგილი ნახოს ევროკავშირში, უკვე თავისტიკივილად იქცა და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ანკარასთვის. არც თურქულ-რუსული კეკლუცობანია ახალი. სირიული კვანძშიც ჩაწნულან, ვინაიდან ორივეს აწყობს ბაშარ ასადი, რომელიც ქურთულ ინიციატივათა რეალიზაციას ყოველმრივ ეწინააღმდეგება. ენერგეტიკული კავშირებიც სულ უფრო მყარდება და ამის მაგალითებს ახლაც ვხედავთ, ამ დღეებში. მცირე სტატისტიკას შემოგთავაზებთ: 2018 წლის მონაცემებით, თურქეთს და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 15.8%-ით გაიზარდა და 2.5 მლრდ. დოლარი შეადგინა, ხოლო ურთიერთინვესტიციები, თითოეულის შემთხვევაში 10 მლრდ.-ს უტოლდება. 2019 წლის მონაცემები ჯერ არ შემხვედრია. და ვახსენოთ რუსულ-ირანული ეკონომიკურ-ენერგეტიკული ტანდემიც. იმავე 2018 წლის მონაცემებით, მათ შორის ვაჭრობა 2%-ით გაიზარდა და 1,7 მლდ. დოლარი შეადგინა და ეს მზარდი მონაცემია. რუსული ენერგოკომპანიები გეგმავენ ჩაერთონ მსხვილი ნავთობსაბადოების ამოქმედებაში. არსებობს ატომური ელექტროსადგურების პროექტები და თბოელექტროსადგურის პროექტი სპარსეთის ყურეში. ამ ყველაფერს, პუტინი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩარჩოში ტენის - ორგანიზაციისა, რომელშიც სომხეთიც ირიცხება - სომხეთი, რომელიც სრულად თუ არა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქართულ ტრანზიტზე და ეს მის უკმაყოფილებას იწვევს, რბილად რომ ვთქვათ.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის საერთაშორისო კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. აქვე, ცნობილი გახდა, რომ გამოცხადდება ახალი ტენდერი. ბუნებრივია, ესეც, ისევე, როგორც ბევრი რამ მანამდე, მხოლოდ დეკორაციაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლანდელ საქართველოში ფულს არავინ დააბანდებს... არამედ იმიტომაც, რომ რეალურად, არავინ აპირებს საქართველოსთვის ღრმაწყლოვანი პორტის მიცემას.

„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქტციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი მთავრობის წევრების ქმედებების შესახებ, რომლებიც ანაკლიის პროექტზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ.“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მოგეხსენებათ, ამ სანაპიროზე კვლევები ჯერ კიდევ 50-60 წლის წინ დაიწყო და რამდენადაც ცნობილია, კომუნისტების დროს 2 პროექტიც შედგა. მაგრამ ეს იყო და ეს? როგორ გგონიათ, სსრკ-ს არ შეეძლო მისი აგება? ცხადია შეეძლო, მაგრამ გაიხსენეთ, „დინამოს“ სტადიონს პროექტით გათვალისწინებული ავტომატიზირებული გადახურვა მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ „ლუჟნიკებს“ არ ჰქონდა და თბილისს მისცემდნენ? ანაკლიის პროექტის მოკვლა არ გახლავთ მხოლოდ ცალკეული ეკონომიკური პროექტზე, ან უსაფრთხოების სისტემის ამოქმედებაზე უარის თქმა. ეს ეროვნული ინტერესების უდიდესი ღალატია.


Comments


bottom of page