ღალატი გადაიდო
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 27, 2020
- 4 min read
რაღაც გრიგალივით დაიწყო, ქარად დაგვენახა, ნიავად იქცა და სიოდ გაიპარა ეს „პირდაპირი მოლაპარაკებების“ თემა, ხედავთ? ბუნებრივია, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, ყურადღების მიღმა ვერც ერთ ვარიანტში დარჩება, მაგრამ ახლა, როდესაც „იქ“ ისევ ჭაობის „სიმშვიდეა“, ხოლო „აქ“ ჩვენი ოფოფები გვახვევია თავს, კიდევ ვნახოთ, რა იყო და რა შეიძლებოდა ყოფილიყო. თვლით, რომ ახლა, რაღაცით განსაკუთრებული ვითარებაა? მესმოდა: მიხვდნენ, რომ შავ დღეში ჩაცვივდნენ და ისღა დარჩენიათ, შემოგვიბრუნდნენ.. რის იმედით? იმის, რომ ერთხანს გავათამაშებინებთ რაღაც შერიგების სცენებს, სახალხო დიპლომატია და.. „აჰაიდა!“? და ამას, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის თემის აქტიური ტირაჟირება ხელს თუ შეუწყობს, ხომ?
ახლავე ვაფიქსირებ - ე. წ. „ომის პარტიას“ არ მივეკუთნები და მიმაჩნია, რომ მოლაპარაკება, თუ კი მასში კომპრომისის მცირე შანსი მაინც არის, საუკეთესო გზაა, მაგრამ არის რიგი მომენტებისა, რაც ამჟამინდელ ამბებს, ცოტა არ იყოს და, დამაფიქრებელს ხდის. ამაზე სხვამაც ბევრი თქვა და მერეც, იტყვის არა ერთი, მაგრამ აქ, „საკარისია“ არ არსებობს - დაუღალავად უნდა ვთქვათ. დავიწყოთ მთავარით: ვინმეს გჯერათ, რომ ეს ერთი-ერთზე მოლაპარაკება, მართლაც ქართველებსა და აფხაზებს შორის წარიმართება? ანუ თვლით, რომ იქ, ახლა არსებობს და მოქმედებს რაიმე, თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც რუსული გავლენის ქვეშ არ მოქცეულა? და რომ ის თუნდაც რაღაცის, უმცირესის რეალურ ბერკეტებს ფლობს, რათა არა მხოლოდ დაგველაპარაკოს „თავისი“ ხალხის სახელით, არამედ გადაწყვეტილებები მიიღოს და, რაც მთავარია, განახორციელოს... გჯერათ?
ამის დაჯერება, სულ ცოტა, გულუბრყვილობაა!
ცხადია სრული ფარსია დემონსტრირება რუსული სპეცსამსახურების უნიათობისა, რის შედეგადაც, აი, თურმე, ვითარება კონტროლიდან გაქცევიათ. ვინ არიან? ყველაზე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ აი ერთი ელემენტი, რომელიც ჩვენს უკრაინელ ძმებს, დონბასში მოხალისედ ხოცავდა. იხილეთ:
გარდა ამისა, გახსოვთ.. რუსები მუდმივად ცდილობდნენ, რომ სადმე სეპარატისტებთა იმგვარ მოლაპარაკებაში ჩავეთრიეთ, სადაც მოკავშირეების გარეშე ვიქნებოდით წარმოდგენილი, ხოლო აფხაზები, ფორმალურად და ფიზიკურად, ასევე მარტონი, მაგრამ უხვად დახუნძლული ინსტრუქციებით მოსკოვიდან.
და აქ, ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ ვგონებ, ახლა, ამ პოლიტიკურ სურათში, რომელშიც ვიმყოფებით, აქედანაც მოსკოვიდან ინსტრუქციამიღებული ხალხი უნდა დაელაპარაკოს. თუმცა, ეს სხვა საკითხია და მოგვიანებით მივუბრუნდეთ,რადგან, რეალურად, დღეს საქართველოში პრორუსებსაც კი არ ცალიათ, რუსული თამაშისთვის აფხაზეთში.

ამასაც დავაკვირდეთ: „ახალი რეალობა“ - ამ სიტყვათწყობას ლავროვი და მისი ასეულები, მუტრუკის სიჯიუტით გვტენიან, ხოლო ამ „ახალ რეალობაში“ აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტია, სახელმწიფოა.. მაშ, ვის უნდა ველაპარაკოთ? ფესვიდან თუ დავიწყებთ, თითოეული მათგანი კრიმინალია, მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციის წინააღმდეგ, საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ.. ვიფქრობთ, რომ ამ სტატუსს მოიხდენენ? და ასეთ ძალებთან მოლაპარეკებების გამართვა უალტერნატივოა, არა? გავითვალისწინოთ, რომ სტატუსს, რომელსაც ამ მოლაპარაკებაში მათთან ჩართვით მივანიჭებთ, მერე ვეღარასოდეს
შევუცვლით და აქ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ხოლო რა სტატუსი სურთ მათ და საოკუპაციო ძალებს, ყველას მოგვეხსენება და როგორი დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეთ მათ რაიმე ფორმატის მიმართ, ეს მოცემულობა, მათტვის ტაბუირებულია. ამიტომ, სულაც არ გახლდათ მოულოდნელი ის გაოცება, რომელიც თბილისში გამართული „მეჯლისის“ გამო, სოხუმში, კერძოდ ე. წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროში“ გამოითქვა:
არ შეგვიძლია გაკვირვება არ გამოვხატოთ. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებათა ორმხრივი ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ეკოლოგიას და სხვა საკითხებს, რომელსაც უშუალოდ კავშირი აქვს ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემასთან. ამავე დროს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის თემა არ წარმოადგენს მოლაპარაკებების საგანს და დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება მხარეების მიერ ცეცხლის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას
აკი ზემოთაც აღვნიშნე - ნებისმიერი მოლაპარაკების მიზანი, კომპრომისი, დათმობაა. როგორც ვხედავთ, ისინი არაფრის დათმობას აპირებენ და ჩვენ, ნეტა რის დათმობაზე ვართ მზად? ეთნოწმენდისა და ეთნიკური ნიშნით დევნის საკითხების საერთაშორისო სასამართლოებში დაყენების თემა, უკანა უჯრაში? ქართული ენის დევნა და იძლებითი პასპორტიზაცია, რა მოსატანია, არა? „რაღად უნდათ დევნილ ხალხს იქ დაბრუნება.. ვიღას ახსოვს იქაურობა?“ - ამ რუსული პროპაგანდისტული ანკესის კაუჭზე ვფართხალებთ უკვე?
ესეც მთავარი და სასტარტო ყველა სესაძლო მოლაპარაებისა - თუ ოფიციალური თბილისი ვინმეს უნდა დაელაპარაკოს, ეს არის ხალხი, რომელიც სრულფასოვანი ლეგიტიმაციით ისარგებლებს და არა ხელოვნურად შექმნილი დემოგრაფიული სურათით, რომელიც, როგორ ვიცით, მუდმივად იცვლება და, რაც ყველაზე საგულისხმოა, არა აფხაზთა, არამედ სომეხთა სასარგებლოდ.
ისე, არ ამის პასუხია და, ეს ხომ არ არის ამ გაწევ-გამოწევის რეალური მიზეზი? ყველა თბილი ადგოლები სომხებს აქვთ დათრეულიო, სახლებში ეგენი შედიანო, რივიერაზე რესტორნებს სასტუმროებსა და კაფეებს ეგენი ხსნიანო, ტვირთებს ეგენი ეზიდებიანო - ყველას გვსმენია. ამის შესახებ რუსულენოვან მედიაში ბერს წერდნენ. სხვა დანარჩენი, საბაბია? და ეს შემოგდებული „პირდაპირი მოლაპარაკებები“ გალის ქართველობის თანაგრძნობის მოპოვებისკენ გადადგმული ხრიკ-ნაბიჯია.. და მგონი გვაჭამეს? ცხადია, უკმეხი დემარშით, ან დაგმობით, ამას ვერ ვუპასუხებდით. პრინციპში, რომ არა მედია, ყველამ ზომიერება შეინარჩიუნა და ეს პოლიტოლოგ ლევან ჩიტაძის ამ კომენტაშიც იგრძნობა:
აფხაზეთში გაქრა ილუზია, რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა. ეს ილუზია დიდი ხანია გაქრა აფხაზეთში და ისინი მოექცნენ იზოლაციაში, შესაბამისად, ეძებენ ალტერნატიულ გზებს, ამიტომ ბჟანიას განცხადება პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, მითუმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება
„პოზიტიურად“. - ყოველგვარი აღფრთოვანებისა და ხბოს აღტაცების გარეშე.
და ეს სწორედ ასე უნდა იყოს, ვინაიდან, სულ ცოტა, ის გვაქვს საამისოდ საკმარის საფუძვლად, რომ იგივე ასლან ბჟანია, რომელიც ვითომც და რეალურ კანდიდატად განიხილება, მოლაპარაკებებს, თუ კარგად დავაკვირდებით, ნამეტნავად ჰაი-ჰარალოდ უცქერს:
დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში - თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.
ეს „თუ საერთოდ ჩემს აზრს ექნება მნიშვნელობა“ რა არის? - თავმდაბლობა თუ იმის დემონსტრირება, რომ ის საკუთარ პერსონას კი სთავაზობს საცივის ლანგრით, მაგრამ ჯერ არავის „გადაუღია“? ბუნებრივია, რუსეთისთვისაც, რომელიც რეალურად ყველა პროცესს მართავს, სრულიად ცხადია, რომ იქ და მაშინ, როდესაც თბილისის „ამბავი“ წყდება, სოხუმი მეორეხარისხოვანია და თემამაც ჩათვლიმა, მაგრამ საკმარისია „ოცნებამ“ რამე შეინარჩუნოს ქართველი ხალხის რისხვის გარდა და „მაღვიძარაც“ დარეკავს.
Comments