top of page

სატელევიზიო „შეთქმულების თეორია“

ტელევიზიას თქვენც თავი მიანებეთ? მეც, უკვე წლებია - ინფორმაციას ჩემითაც ვპოულობ და ზოგჯერ მათთანაც, მაგრამ მიჯაჭვული და საზომბედ (საკლავად) გამზადებული აღარ ვარ და ეს ერთგვარ მიღწევად მიმაჩნია. მიზეზი ბევრია - ახლა მათზე არ ვწერ და ამიტომ, მხოლოდ ძირითადს დავასახელებ: ჩემში სულ უფრო ძლიერდებოდა განცდა, რომ მავანისთვის რაღაც მანიპულაციის ობიექტად მოვიაზრებოდი. ამასწინად, ერთ-ერთ ინტერნეტრესურსზე ინფორმაციის მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ადამიანებზე ზემოქმედების შესახებ წერდნენ. ცხადია, თავს ვერ დავდებ, რომ ქართულმა მედიამ იმგვარი რამის მსხვერპლად გვაქცია, რაზეც იქ იყო საუბარო - ბრალდებას მტკიცებულებით ვერ გავამაგრებ, მაგრამ ვარაუდით კი ნამდვილად დავუშვებ, რომ ეს თუ არა, რაიმე მსგავსი სავსებით შესაძლებელია.

ვისაც სურს, „თამამი ვარაუდი“ დაარქვას.

ალბათ ისეთიც მოიძებნება, ვინც ამ ყველაფერს „შეთქმულების თეორიად“ გაასაღებს, მაგრამ რა შავდება - „ვიფანტაზიორებ“, თუ კი მასეა და საწინააღმდეგო მოსაზრებასაც, ძალიან დიდი მონდომებით დავუცდი.

და, ვიდრე მთავარს მოგახსენებდეთ, ერთსაც აღვნიშნავ: როგორც მაყურებელსა და მოქალაქეს ხომ ისედაც მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 1989-2003 წლებში ჟურნალისტიკით პროფესიულად გახლდით დაკავებული, ხოლო ბოლო 7-8 წელი, სწორედ ტელევიზიაში ვსაქმიანობდი, შეიძლება ითქვას, ჩამიხედავს.

და ვაცხადებ - ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ, ამგვარი ვარაუდის თამამად გამოთქმისათვის, ბევრი მაგალითის მოხმობა შეიძლება.

მაშ ასე... რა აქვს მასმედიას „შეიარაღებაში“ მაშინ, როდესაც თავისი რეალური ტვირთის ტარების ნაცვლად, სხვა და სხვა დაჯგუფებისა თუ პოლიტიკურ ერთობათა ინტერესებს ატარებს და თანაც, სწორედ ჟურნალისტიკის დიადი მიზნების ნიღბით.

აი, ავიღოთ ციფრები. რატომ ხდება ასე არ ვიცი, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანს, უაპელაციოდ ჯერა ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემებისა, რომელსაც ვისმენთ. ყოველ შემთხვევაში, არავინ ცდილობს არამც თუ გადამოწმებას, არამედ ელემენტარულ დაანგარიშებასაც კი. არადა, მერწმუნეთ, ხანდახან ღირს. მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ ამგვარ სტატისტუკურ მონაცემს ვისმენთ: „მთელი 35 წელი, რაც კანზასში მარიხუანას შესახებ კანონის მოქმედება შეწყდა, მწეველთა რიცხვი ყოველწლიურად ორმაგდება“.

პრინციპში, სავსებით დამაჯერებლად ჟღერს, არა? მოდით გადავთვალოთ. წარმოვიდგინოთ, რომ 35 წლის წინ, კანზასში მხოლოდ ერთი მწეველი იყო. ცხადია ეს არარეალურად დაწეული მაჩვენებელია, მაგრამ ამ გზით ანგარიში გავიმარტივოთ და თავიც დავიზღვიოთ.

იცით, თუ ამ ციფრს 35 წლის მანძილზე ყოველწლიურად გავაორმაგებთ, საბოლოოდ 17 მილიარდს მივიღებთ. ეს კი, არამც თუ კანზასის ან ამერიკის შეერთებული შტატების, პლანეტის მოსახლეობაზე მეტიცაა. ანუ, სრული აბსურდია, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ვიღაც ლობირებს რაღაცას და აქ, მთელი სისტემაა ამოქმედებული...

შესაძლებელია? სავსებით.

საშუალო სტატისტიკური მონაცემები ხომ, საერთოდ, სხვა საგანია. აი, შეიძლება გამოგიცხადონ, რომ დარბაზში მსხდომი 100 მოქალაქის კეთილდღეობის საშუალო მაჩვენებელი, ამდენი და ამდენი მილიარდიაო.

ცხადია, თქვენ იფიქრებთ, რომ დარბაზში მილიარდერთა შეკრებაა, რადგან არავინ გითხრათ, რომ იმ ასიდან, 99 ღატაკია, ხოლო მეასე, მარკ ცუკერბერგია. საერთოდ, ნახევარი სიმართლე ერთ-ერთი საყვარელი ფინტია. მოხერხებულიცაა, რადგან იძლევა შესაძლებლობას განაცხადო, რომ ეთერით გაჟღერებული ყოველი ფრაზა, სრული სიმართლეა.

და, ცხადია, არავინ გავალდებულებთ განმარტოთ, რომ ეს „სრული სიმართლე“ სულაც არაა სრული.

აი, მაგალითად, ვისმენთ, რომ ხუთიდან, ოთxი ექსპერტი გვირჩევს „ქოლგეითს“. და ეს მართლაც ასეა: რომ დავძებნოთ ეს ექსპერტები, ისინი ამგვარ გამოკითხვაში მონაწილეობასაც დაადასტურებენ და იმასაც, რომ მართლაც დაასახელეს „ქოლგეითი“.

მაგრამ ისევ იმათგან თუ შევიტყობთ, თორემ ტელევიზიით ნამდვილად არავინ გვეტყვის, რომ ექსპერტებს სამი ბრენდის დასახელება შესთავაზეს და „ქოლგეითის“კონკურენტიც, ამდენივე ექსპერტმა დაასახელა.

ისე, ეს გაუთავებელი და გაურკვეველი დარგის ექსპერტთა ათასეულებიც იგივე ამბავია რა. ეს „ექსპერტი“, რაღაც თიკუნივით რამ გახდა. ნიადაგმცოდნეობის ექსპერტი ხარ თუ გეოპოლიტიკური საკითხებისა, საერთოდ არაა საინტერესო. შენ ხარ ექსპერტი და მორჩა!

ჰმ.. ახლა გამახსენდა: იძახა, იძახა ბატონმა რამაზ საყვარელიძემ 2-3 წელი, არ ვარ ბატონო პოლიტოლოგი, სოცილოგი ვარო, მაგრამ საქმეში ხარ? ცხადია, აქ როლი იმასაც აქვს, რომ მავანისთვის სოციოლოგი, პოლიტოლოგი და ნებისმიერი სხვა „ლოგი“ „რაცხა ერთი უბედურებაა“, მაგრამ ეს სხვა თემაა.

ბუნებრივია, აღწერა არ მიწარმოებია, მაგრამ აშკარად ვატყობ, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს ტელევიზორთან, იზრდება. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს მაყურებლის პროფესიონალიზმითაც აიხსნება. ბევრი ჩვენგანი უკვე აშკარად ხედავს იმას, რის დამალვასაც ცდილობენ. ან რაზეც არ ამახვილებენ ყურადღებას. ჩვენი გაცურება სულ უფრო რთული ხდება. ჰოდა, დანარჩენებსაც, გირჩევთ: დროა ტელევიზია რადიოს გზას გავუყენოთ, რადგან იმ „ჯადოსნური ყუთისგან“, რომელიც ერთ დროს ყველას არ ჰქონდა და კორპუსის მთელი სართულის მოსახლეთა ერთ ბინაში თავშეყრის მიზეზი იყო, ვიღაცამ იარაღი გააკეთა.


Comments


bottom of page