რა მოგვახარეს
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Mar 9, 2019
- 2 min read
ცნობილი ამბავია: როდესაც ერთიანი და აღმავლობის გზაზე შემდგარი საქართველოს მეფე, გიორგი I ბიზაინტიაში შეიჭრა და იმიერ-ტაოს ხელში ჩაგდება განიზრახა, იმპერატორი ბასილი II, შუაგულ ევროპაში გახლდათ და...
მასსავით მართლმადიდებელ ბულგარეთს ავლებდა მუსრს!
სწორედ მაშინ შეერქვა „ბასილი ბულგართმჟლეტი“ და მისი იქ „მოღავწეობის“ ფინალიც, რომ იტყვიან „თიკუნის“ შესაბამისი გახლდათ - 15 ათას ბულგარელს - არისტოკრატს, გლეხსა თუ ღვითმსახურს, თვალები დასთხარეს.
ამ საწყალობელ, ნაწამებ ხალხს, დაბორკილსა და ერთურთზე მიბმულს, ყოველ მეასეზე, თითო თვალით დაბრმავებული „იღბლიანი“ მიუბეს, გაუძღოლეს და ასე შეაყენეს მტანჯველი მონობის გზაზე.
ამ ოხრებითა და სიკვდილით აღსავსე „გოლგოთაზე“, უსინათლოთათვის, ცალი თვალით დაბრმავებული უფრო ძვირფასი გახლდათ, ვიდრე მასავით ბრმა, რომელსაც რიგში უკნიდან მისდგომოდა და ხელიც, ალბათ მხარზე ჰქონდა დადებული.

ისე, აქ იმ ცალთვალა „მძღოლების“ ამბავისაც რომ ვთქვათ... როგორ გგონიათ, როდის მობეზრდებოდათ ასი ბრმის მწყემსვა და როდის გადაწყვეტდნენ, რომ ჯობს დაღუპონ და მათ გარეშე გაუდგნენ გზას?..
ცხადია, ეს შეუძლებელი გახლდათ, რადგან ბრმათა და ნახევარბრმათა ამ „საზოგადოებას“, კბილაბამდე შიარაღებული გამცილებლები მოჰყვებოდნენ. მათი ინტერესი კი სწორედაც მოძრაობა, გადაადგილება გახლდათ ამ „წამებული კილომეტრებისა“, რათა ის, ვინც გააღწევდა, მიაღწევდა..
ახლა არავინ იკითხავს, რა შუაშია.. - ცხადია ჩვენ მარტივად გავავლებთ პარალელებს.
ჩვენ გვაბრმავებენ! - ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით გვაბრმავებს ის, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით დაგვაბრმავა - ამასაც დავაკვირდეთ. და ნურავის ჰგონია, რომ ეს არის გიორგი გახარია ან რომელიმე სხვა, მისი კალიბრისა. ყველაზე უმნიშვნელო პროცესსაც კი, ჩვენში მოთავე ერთი ჰყავს და, მით უფრო, იმგვარი მნიშვნელობისას, რომელსაც ხელისუფლების და, შესაძლოა, ყველაფრის დაკარგვა მოჰყვეს.
მისი ვინაობა ყველასთვის ცნობილია. ახლა მთავარია გაირკვეს: რა ამოცანამ მოითხოვა პოლიტიკურად და პოპულარურობის მხრივ სრულიად ბანკროტი გახარიას კანდიდატის წარდგენა? პარლამენტის დაშლის სურვილმა თუ, მომავალი არჩევნების „სათანადოდ“ ჩატარების მისიამ?
მინისტრთა ახალი კაბინეტის განხილვა და დამტკიცება, მომდევნო კვირის დასაწყისში დაითქვა. და სხვამხრივაც, ეს ახლა, ამ წუთებში არ ირკვევა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროცედურის სტარტია ამგვარი. მაგრამ ეს საკითხი ყველა დიდი თუ პატარა ჯგუფის განხილვის საგანია - მათი, ვინც ოპოზიციაშია და, რაც მთავარია, - ეს ჯერ კიდევ საუბრის თემაა მმართველ ძალაში - ნურავინ იფიქრებს, რომ ვოლსკის თუ მდინარაძის მხირდან, ესოდენ უხვად მიმოფანტული სადღეგრძელოები, არ შეიძლება ყოფილიყო შენიღბვა. მაგრამ უშუალოდ კენჭისყრამდე, ეს ყველაფერი ჰიპოთეზებად რჩება.
რეალობა კი ამგვარია: გახარია კანდიდატია და ძალოვან სტრუქტურებს, ცონობილი „რეაქციონერები“ ჩაიბარებენ.
Comments