top of page

ოთარ ჭილაძის შეძახილი!

ცხადია, ოთარ ჭილაძესა და მის ნააზრევზე, უამრავი რამ შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ახლა სხვა შემთხვევაა - ეს გახლავთ ერთგვარად პირველადი რეაქციის მოდელირება. ანუ, ყოველგვარი „ჩახედვები“-ს გარეშე, ანალიზის მცდელობათა მიღმა.. ვითომც და, პირველად ვკითხულობთ..

და ნახეთ, როგორი ცოცხალია:

თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვილი (გნებავთ შეძენილი). ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენც ხალხი ვართ, კულტურაა, წერა-კითხვა ვიცით. ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე - რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენა მხოლოდ. მხოლოდ ჩვენს სინამდვილეში შეიძლება, ამდენი ქომაგი ჰყავდეს ხალხს და, ამავე დროს, სრულიად უპატრონოდ იყოს მიგდებული. საქართველოს თავისუფლებისათვის კი არ იბრძვიან, არამედ ხელისუფლებისთვის, ყველაფრის უფლებისთვის. უწიგნურებას განუკითხაობა მოსდევ, რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით უფრო ძლიერია და სახელოვანი. ჩვენც, ქართველები, შვილებს კი ვანათლებთ სხვებივით, მაგრამ ისინი ან აღარ გვიბრუნდებიან, ან მხოლოდ იმიტომ გვიბრუნდებიან, ცხვირი რომ აგვიბზუონ და დაგვამადლონ თავიანთი "განათლებულობა". მართალია, მაინც და მაინც დიდი აზრის არ ვარ ჩვენს საზოგადოებაზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, თავად განვიცდი ამას. საზოგადოების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. საზოგადოების სიავკარგე განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობას, საზოგადოების სიჯანსაღე განსაზღვრავს ხელისუფლების ხარისხს.

ეს 16 წლის წინ ითქვა და ამ სიტყვებს სწორედ ეს გამოარჩევს - მოისარის სიზუსტითაა ნატყორცნი, ეკალივით მტკივნეული და მწარეა და ამ ჩვენს დროს უფრო ესადაგება, ვიდრე იმ ჟამს, როდესაც ითქვა.


Comments


bottom of page