ოდესელი მეწაღის ამერიკული იმპერია
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 2, 2020
- 2 min read
Updated: Feb 27, 2020
უბრალო „საპოჟნიკი“ იყო. ფულს განსაკუთრებული რუდუნებით აგროვებდა. ეს ლამის მთელი ცხოვრება გაგრძელდა, და აი, 50 წლის ასაკში, ოდესელმა ემიგრანტმა, ნათან შვარცმა გადაწყვიტა, რომ დროა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს.
დღეს მის ქმნილებას ამაზონიის მიუვალ ჯუნგლებში, იზოლირებულად მცხოვრებ ტომებშიღა თუ ვერ იცნობენ, თორემ ცივილიზებულ მსოფლიოში, Timberland ისეთივე განთქმულია, როგორც, ვთქვათ Zippo, ან Victorinox.

ვინ იყო ნათან შვარცი? იგი 1902 წელს დაიბადა. მამამისიც მეწაღე გახლდათ და ოჯახს არც თუ ულხინდა. უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, შვარცები აშშ-ში გაემგზავრნენ. დასახლდნენ ქალაქ ბოსტონში. მამის მსგავსად, ახალგაზრდა ნათანიც მეწაღის პროფესიას დაეუფლა და 16 წლისა, პაწაწინა სახელოსნოს თანამშრომელი გახდა. ის ამუშავებდა ტყავს, ჭრიდა ლანჩასა თუ შიგსაფენებს, კერავდა...
და მოთმინებით განაგრძობდა ფულის გროვებას. და როგორც აღინიშნა, 50 წლისამ ჩათვალა, რომ დაგროვილი სახსარი საკმარისი იყო და თავადაც მზად გახლდათ.
ერთი სიტყვით, 1952 წელს, მან ყველასთვის უცნობი კომპანიის (The Abington Shoe Company) აქციათა ნახევარი შეიძინა და სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც პიროვნებისა და საქმიანი კაცის ჭეშმარიტი პოტენციალის რეალიზება.
კომპანიის მთლიანად გამოსყიდვა, ნათან შვარცმა 3 წლის შემდეგ შეძლო. შეიძლება ითქვას, ამ ხნის მანძილზე ფირმის საქმეები არც თუ ცუდად მიდიოდა, მაგრამ ის არაფრით იყო გამორჩეული სხვა, მსგავსი პროფილის საწარმოთაგან - ისიც იმ დროისთვის ტიპიურ პროდუქიას აწარმოებდა.
ასე გაგრძელდა ხანგრძლივი 10 წლის განმავლობაში, თუმცა მეპატრონე არ წყვეტდა ძიებას - შვარცი და მისი ვაჟები ყოველდღიურად იჭყლეტდნენ ტვინს, რათა იდეალური „ბათინკა“ შეექმნათ. ისინი წყალგაუმტარი ფეხსაცმლის წარმოებაზე ოცნებობდნენ, თუმცა იმ დროის ტექნოლოგია, ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა.
ცდებსა და ექსპერიმენტებს ალტერნატივა არ გააჩნდათ და ოდესელი ემიგრანტებიც, არ იშურებდნენ დროს, ენერგიასა და სახსრებს. გარღვევა მოხდა მაშინ, როდესაც შვარცის ერთ-ერთ მცირე სახელოსნოში რეზინის ძირისა და ტყავის ზედაპირის საგანგებო წნეხით მიერთების ტექნოლოგიას მიაგენს. ახლა თავისუფლად იყო შესაძლებელი გუბეში ფეხის ჩადგმა, თუმცა სიმშრალის შენარჩუნება. ცხადია, კომპანიის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ნათანს შეჩერებაზე არც კი უფიქრია - „გარანტირებულად წყალგაუმტარი“ ფეხსაცმლის შექმნა, ისევ მის უმთავრეს ამოცანად დარჩა. „ათიო წლის ვიყავი, - იხსენებს ნათან შვარცის შვილიშვილი და კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი, ჯეფრი შვარცი. - მამაჩემი ფაბქრიკაში ათენ-აღამებდა, ხოლო სახლში გამუდმებით მიდიოდა საუბრები წყალგაუმტარ ფესაცმელზე, იხილებოდა ტყავის გამოყვანის ათობით ხერხი, ძაფის სახეობა და კერვის მეთოდი, თასმები და მათი გასაყრელი ლითონის კაუჭები... და აი, როგორც იქნა, დადგა ის ისტორიული მომენტი, როდესაც მამამ სახლში ის პირველი წყალგაუმტარი Timberland-ები მოიტანა.
ჩემმა ძმამ იქვე შესახა: „ამას რა ჩამაცმევს?... ყვითელია!“.
მართლაც, ტექნოლოგიურ საკითებზე ინტენსიური მუშაობისას, აღარავის უფიქრია ფერზე...“.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ლონდონის დიზაინის მუზეუმში, ბრენდ Timberland-ის ნიმუშად, სწორედ ყვითელი ფერისა უდევთ და საერთოდ, ტრადიციულად მკვეთრი ფერის პროდუქცია, წარმატებული მარკეტინგული სვლა აღმოჩნდა და ამ სავაჭრო ნიშნის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც გვევლინება. ღია ფერის ტყავზე, პროდუქციის უპირატესობათა დემონსტრაციაც ხორციელდობოდა - ყველა ლაქა იოლი შესამჩნევია, ხოლო გაწმენდვის შემდეგ, ეფეტურად ქრება.
ყვითელ „ბათინკებს“ სახელი შორს გაუვარდათ და ეს ფერი მყარად დაუკავშირდა სწორედ Timberland-ს.
1978 წელს კომპანიას სახელი გადაარქვეს (The Abington Shoe Company იქცა Timberland Co.-დ). გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კი, კომპანიამ მიმართულებები დაამატა და სამოსის წარმოებასაც მიჰყო ხელი.
დღეს ეს გლობალური კომპანიაა. მთავარი ოფისი ბოსტონშია განთავსებული, ევროპული წარმომადგენლობისა ლონდონში, ხოლო აღმოსავლეთის ბაზარს ტოკიოში განლაგებული ოფისი აკონტროლებს.
ჩემთვის ბიზნესი ღრმად პირადული რამ გახლავთ, რადგან Timberland ჩვენი საოჯახო საქმეა. წარმოიდგინეთ, მამაჩემს საწარმოზე ნებისმიერ დანადგართან შეეძლო მუშაობა. და მაშინაც კი, როდესაც არაფრით იყო დაკავებული, ხელში ტყავის ნაჭერს ათამაშებდა, კეცდა, ჭყლეტდა... რათა მიეგნო მეთოდისთვის და უფრო მაღალი ხარისხისთვის მიეღწია. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში სული და გულია ჩადებული
- ამბობს ჯეფრი შვარცი.
Comments