top of page

კორონავირუსი - შეთქმულების თეორია მზადაა

როგორც მოსალოდნელი იყო, კონსპიროლოგები დიდის რუდუნებით ეძებდნენ ლოგიკურ ბმებსა თუ დახურულ ინფორმაციებს, რათა როგორმე აეკინძათ, განევითარებინათ და გაევრცელებინათ შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც, ეს ყველაფერი მოწყობილია. მგონი არც ის უნდა გვაოცებდეს, რომ ამ საქმეში რუსები ლიდერობენ. ბევრი თვლის, რომ ეს მათი შიშითაა განპირობებული და ინსტიქტურ რეაქციას წარმოადგენს - რუსეთში ხვდებიან, რომ, ღმერთმა არ ქნას და, თუნდაც პერსონალის კვალიფიკაციით, მოუმზადების დონეს სრულიად ვერ აკმაყოფილებენ - მით უმეტეს, ჩინეთის სიახლოვეს განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში - მკვდარ ქალაქებში, რომლებიც, ოდესღაც, კონკრეტული ნედლეულის მოპოვებისა თუ დამუშავების მიზნით გაშენდა.

ლეგენდა, სადაც, სრულიად ტრადიციულად, სამყარო რუსეთის დასაღუპად გაერთიანდა და დროა, Bаня მუხლებიდან წამოდგეს, აი, ახლა იქმნება და თეორიაც, ალბათ, მას დაეფუძნება - საბოლოოდ, ყველაფერი უნდა დაბრალდეთ „იმათ“.

სხვათა შორის, სწორედ ჩინეთია ის ადგილი, სადაც ამ ნახევრადმკვდარი ქალაქების მოსახლეობა ლუკმა-პურს შოულობს - როგორც ვიცით, მოქალაქეთა ერთი ნაწილი ქალაქშივეა დასაქმებული, ოღონდ ჩინურ კომპანიაში, რადგან სხვა იქ არაფერი მუშაობს.. ხოლო მეორე ნაწილი, შაბათის ჩათვლით, უშუალოდ ჩინეთში მიემგზავრება, რათა იქ დაიდგას ფეხი წელებზე.

კრემლისტური მედია ავრცელებს მოსაზრებებს, რომლის თანახმადაც, შეთქმულების პირველი ნიშანი აშშ-ჩინეთის ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებასა და ვირუსის აფეთქების დროში დამთხვევა გახლდათ. რუსი ექსპერტი სერგეი ავდონინი საგანგებოდ აღნიშნავს, მოდით შეთქმულებაზე ნუ ვისაუბრებთო და ..შეთმულებაზე საუბრობს. კერძოდ, ის აცხადებს: უცაური დამთხვევით, კორონავირუსის ამბავი წარმოიშვა მაშინვე, როგორც კი ამერიკასა და ჩინეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება დაიდო. არ ვისაუბროთ რაიმე შეთმულებაზე, მაგრამ ვითარება, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. რომ იტყვიან, პასი გააკეთა. არის სხვა ვარაუდებიც. დავოსის კულუარებიდან „გამოჟონილი“ ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერმა, სი ცინპინმა კარგად ისარგებლა კორონავირუსთან დაკავშირებით მოარული ხმებითა და უხანში შექმნილი ვითარებით. საგანგაშო სურათმა, რომელიც სულ უფრო მკაფიო ხდებოდა, ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტების აქციათა ღირებულების ვარდნა გამოიწვია - კომპანიებმა მასიური გაყიდვა დაიწყეს. და მაშინ, როდესაც აქციები ლამის გაუფასურდა, სახელმწიფო მათ შესყიდვას შეუდგა.

შედეგად, ჩინეთმა 20 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

საკუთარი აქციების გამოსყიდვის ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, ჩინეთისთვის დანაშაული იქნებოდა. დასავლურ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ფერების გაბუქებაზე. და მართლაც, ჩინეთის მასშტაბის გათვალისწინებით, 3000 ინფიცირებული, ლამის არაფერია

- აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, ანასტასია მურავიოვა. ბუნებრივია, რუსები უფრო შორსაც წავიდნენ და ათასგვარი უბედურება იწინასწარმეტყველეს. საინტერესოა, რომ ყველაფერი ის, რაც მათი თქმით კაცობრიობას დაღუპავს, თავად რუსეთში განვითარების დაბალ დონეზეა. იგივე, ვთქვათ, ტექნოლოგიები.. რუსეთი XX საუკუნეშია და ამიტომ, უნდა შეიქმნა თეორიები „ციფრულ აუტიზმზე“; „ციფრულ გულაგზე“ და ა. შ. შესაძლოა გახსოვდეთ.. როდესაც გენეტიკა, როგორც დარგი, ფეხს იდგამდა, რუსები, ვინაიდან თავად არა თუ მიღწევა ჰქონდათ, მგონი მკვლევარიც კი არ ჰყავდათ, მას „ცრუმეცნიერებას“ უწოდებდნენ და ასე ამართლებდნენ თავის უსუსურობას. ეს ვითარება სწორედ ამას ჰგავს.


Comments


bottom of page