„კაპიტალისტები“
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 14, 2020
- 4 min read
რაც უნდა კრიტიკული ვიყო მოქალაქე მარგველაშვილის პრეზიდენტობის მიმართ, ორ რამეს ვერ წაართმევ - ერუდირებული და კვალიფიცირებული ადამიანია, განსხვავებით ამჟამინდელი პრეზიდენტისგან, რომელიც სახელმწიფოს ამ დეკორაციში, მხოლოდ ერთ-ერთი რეკვიზიტია.
„თავისუფალ უნივერსიტეტზე“ თავდასხმა, უვიცი კაცის ქმედებას ჰგავს, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო მაშინ ამ ქმედების, ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღებისას, მარგველაშვილის მოტივი, ეს ვერ და არ ართმევს კვალიფიციურობას, რაც დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში თავზესაყრელი არაა.
და მეორე - მასში ჯერ კიდევ არის პოლიტიკური პოტენციალი, რათა გახდეს ლიდერი. ახლა არ ვსაუბრობ ლიდერის მასშტაბზე და გავლენის სიდიდეზე - ლიდერზე, როგორც ასეთზე, ვამბობ. ლიდერზე, რომელსაც მკაფიოდ პროდასავლური ფრთა უკავია, საერთაშორისო ცნობადობა აქვს... და არც ისე აღიზიანებს ხალხს. და მან, გვანახა ის, რაც ჩვენში მეტად ფასობს, ვიდრე კვალიფიკაციაც კი - პრინციპულობა. და ამის ნიმუშად ის ფაქტიც გამოდგება, რომ მარგველაშვილი, ამჟამინდელ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არა თუ ახლაა, არამედ ამ პოზიციაში, პრეზიდენტობის დროსაც კი გვახსოვს.
ახლა არ აქვს მნიშვნელობა უხეშ შეცდომებს, რომელიც დაუშვა.. თუ ბურჯანაძესთან ერთად საქართველოს მომავალზე საუბარი შეიძლება.
და თუ კი ნათელაშვილისთვის, დღეს უგულავა ნელსონ მანდელაა.. ხოლო ვიღაცისთვის, თავად ნათელაშვილი, იმთავითვე, ლეხ ვალენსას წარმოადგენდა..
მარგველაშვილმა, ასეთი რა დააშავა?.. ან ასე: რა, უფრო მეტი, ვიდრე უმეტესობამ ამჟამინდელი ოპოზიციიდან? მას, როგორც მოქალაქეს, ისედაც აქვს უფლება და როგორც ყოფილ პრეზიდენტს, სახელმწიფოს მეთაურსა და მთავარსარდალს... ეს პოლიტიკური კაპიტალია.
მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც უფლება და საშუალება არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იღლიის ქვეშ ამოედო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები
- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ეს კომენტარი დაუკავშირდა საყოველთაო მოლოდინს, რომელიც ამჟამინდელმა ვითარებამაც შემქნა და თავად მარგველაშვილმაც - ყველა ვამჩნევთ, ფრიად გააქტიურდა და ამ ორიოდ დღის წინ ხომ საერთოდ, ქუდზე კაცი დაიძახა და „ოცნების“ ვეტერანებს უხმო. ახლა აღარ მახსოვს, დაიქადნა თუ არა სადმე ან ოდესმე, პოლიტიკას არ გავეკარებიო, მაგრა რომც ეთქვა ამგვარი, ვინ იყო დამჯერებელი? მთავარი გახლდათ მომენტის სწორი შერჩევა და, ალბათ, კარტოფილის კვალის გამარგვლისას, ფიქრიც ასეთი იცის - სარეველებთან საბრძოლო.
და აზრიც შესაბამისი - ჩასაფრებული. რომ იტყვიან, უკეთეს ვერ ინატრებდა კაცი და ახლა, მას არა თუ პოლიტიკაში „დაბრუნების“ შანსი აქვს, არამედ მეორე სუნთქვის გახსნისაც. და, ალბათ, მიხვდით, თუ რატომ ჩავსვსი „დაბრუნება“ ბრჭყალებში..
როდის წავიდა - გამომეპარა?
ვეჭვობ.

დააკვირდით ამ ფოტოს..
სამი ძირითადი პერსონაჟიდან, ერთი ან აღარავის ახსოვს, ან არც თუ სასიამოვნოდ.
კალაძეს რა ელის არ ვიცი, მაგრამ ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ შორს არაა დრო, როდესაც მარგველაშვილიღა იქნება პოლიტიკაში. როგორ გგონიათ, დღეს სცენაზე წარმოდგენილია პოლიტიკური ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიუერთდება?
მარტო, თუ გუნდით?
ან, ეგებ, ტანდემში?

ერთი უნდა აღინიშნოს: ყველა ელის, რომ ესაა „ლელო“, და ამის ახსნა არ ჭირს, თუმცა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილთან კონსულტაციას არ აწარმოებენ, ხოლო დავით უსუფაშვილმა მკაფიოდ განმარტა, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ახლა, კონკრეტულად ამ მომენტში
„შემიძლია სრულიად ცალსახად გითხრათ, რომ ამის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს „ლელოს“, გიორგი მარგველაშვილს ან გიორგი კვირიკაშვილს შორის, მაგრამ ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ზოგადი კეთილგანწყობა და თითქმის სამი ათწლეულის ერთობლივი საქმიანობა-ცხოვრებიდან და შემდგომ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ, როდესაც ვიყავით მოქმედი პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ვერ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, თუ „ყოფილების“ რეჟიმში ამას შევეცდებით, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილსაც თავიანთი მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, ეს პოზიცია უმეტეს შემთხვევაში და თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან და „ლელოში“ ჩემი მეგობრების პოზიციასთან, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია.“
ეს დანამდვილებით არ გახლავთ დასტური, მაგრამ ცალსახა უარადაც, დიდად ვერ ქაჩავს.
მეტიც, ეს არ გახლდათ მოპატიჟება, თუმცა მასპინძლობის მზაობა მკაფიოა.
ესეც უნდა აღინიშნოს: მოქალაქეთათვის, ლოგიკით ნაკარნახევის გარდა, ეს, შესაძლოა, სურვილით ნაკარნახევი მოლოდინიც არის, რადგან მარგველაშვილმაც და, იმავე კვირიკაშვილმა, შეძლეს მთავარი: პრეზიდენტმა ნათლად დაგნანახა, რომ დამონებას არ ექვემდებარება, ხოლო კვირიკაშვილმა, ამის გარდა, და იმ ზოგადად დადებითი იმიჯის გარდა, რომელიც მას ჩვენს თანამოქალაქეებში აქვს, შეძლო და შეინარჩუნა სახე - თავადაც ხვდებით, რომ ივანიშვილის გარემოცვიდან სახეშენარჩუნებული გამოსვლა, არაა იოლი ამბავი.
ან მისი განცხადებები გავიხსენოთ - მწირი რაოდენობრივად, თუმცა სავსე მინიშნებებით, ქვეტექსტებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არასოდეს გაცილებიან ქართველი ხალხის გულისნადებსა თუ მისწრაფებებს.
და ესეც, პოლიტიკური კაპიტალია. მაგრამ ახლა, კონკრეტულად ამ მომენტში, ეს ისევ ვარაუდად რჩება, მაგრამ მოვლენები საქართველოში დიდად ასწრაფებულია და სულაც არ გამიკვირდება, თუ ამ ჩანაწერს, „ის“ განცხადებები დაასწრებენ.
ცალკე მსურს აღვნიშნო მარგველაშვილის ბოლო შეფასება, რომელიც დამამახოსვრდა. მან განაცხადა:
უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია, მაგრამ მისი დაკავება არა მხოლოდ ჩვენთვისაა მიუღებელი ფაქტი: ეს ერთმნიშვნელოვნად არის სილა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააწნეს. მაშინ, როდესაც მათ ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს, რომ საქართველოში დემოკრატიული პრინციპები მნიშვნელოვნად ირღვევა და მაშინ, როდესაც თითქოს ამ ვითარების მოსაგვარებლად აშშ–ში ჩასული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აქ კი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, უგულავას ამ ფორმით დაკავებით ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისკენ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მისი აზრი. ვფიქრობ, პოლიტიკური ვითარება აქედან გამომდინარე უნდა დავინახოთ. ასეთი ნათელი გზავნილი, რომ „თქვენი აზრი ჩვენთვის საერთოდ არაა საინტერესო“, საქართველოს არც ერთი ხელისუფლების დროს არ გაუგზავნია დასავლელი პარტნიორებისთვის. და მეორე – ასეთი მესიჯის ფონზე ვითარება რუსეთის გარეშე აღარ დალაგდება: თუ შენ დასავლეთს ივიწყებ, თამაშის სხვა არეალი რუსეთია. საქართველო არაა შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გეოპოლიტიკა“,– განაცხადა მარგველაშვილმა.
ეს დიაგნოზია, თუმცა სიმპტომების გვიან „აღმოჩენა“ ვერ გახდება საფუძველი, რომ ვირუსთან რძოლაში ჩართვა რომელიმე მოქალაქეს, უწინდელი შეცდომის გამო აეკრძალოს
აქ აღარაა საუბარი იმაზე, თუ როგორ ვიყოთ. ვიქნებით თუ არა საერთოდ? - აქ, ახლა, ეს ირკვევა. და თუ გენერლობისას დაშვებულ შეცდომებზე თვალს ვხუჭავთ, მაშინ გენერლები ნუღარ არსებობენ - აქ, ყველა რიგითები ვართ - ნამდვილ სარდალს კი, დრო გამოარჩევს. და განვმეორდები: თუ კრემილის დოსტთან, ბურჯანაძესთან ერთად საქართველოს ნათელ მომავალზე საუბარი შეიძლება...
და თუ კი ნათელაშვილისთვის, დღეს უგულავა ნელსონ მანდელაა..
ხოლო ვიღაცისთვის, თავად ნათელაშვილი, იმთავითვე, ლეხ ვალენსას წარმოადგენდა..
მარგველაშვილმა ასეთი რა დააშავა?..
ან ასე: რა, უფრო მეტი, ვიდრე უმეტესობამ ამჟამინდელი ოპოზიციიდან?
Comments