top of page

ვოლსკის ნერვები ღალატობს

არსებობს თუ არა იმგვარი განლაგება, სადაც ივანიშვილმა ყველა გაწირა, რათა თავი გადაერჩინა?

ცხადია, ასეთი „სურათი“ არსებობს და თუნდაც იმიტომ, რომ რასაც ვატყობ, ბიძინა სწორედ ეგ ტიპია - რა კეთიშობილება მას გამოუვლენია, აქ რომ ივარგოს? ახლა, მისი გონებისა და გულის ბნელ დერეფნებში ბოდიალს არ ვაპირებ - ბევრ დროს წაიღებს და სრულიად უსაგნო გარჯა იქნება, მაგრამ ისე, ზერელედ რომ შევხედოთ, თუ კი ის ბალასტის ჩამოშორებას იწყებს და გახარია (ძალოვნები) არ ემეტება, ვოლსკი ზედ გამოჭრილია - საყოველთაოდ მიუღებელი, ძალიან არასიმპათიური, საბჭოთა ნომენკლატურული წარსულით - წამოაგე - შეწვი, რომ იტყვიან! მაგრამ სწორედ ეს ბოლო ფაქტორი ბევრ რამეს სათუოს ხდის- ვოლსკის მფარველი ჰყავს „იქ“ სადაც ჯერ არს.. მეეჭვება, მაშინ, „ქართული ოცნების“ სიის შედეგნისას, ბიძინას, რომელიც, საკუთარი „პერსონალის“ გარდა, ლამის არავის იცნობდა, სადმე „ღმად მოაზროვნე“ ვოლსკი გამოეჩიჩქნა - ცხადია ჩაუსვეს. მაგრამ თუ საქმე გაწირვამდეა, მაშინ მფარველების „დაშოშმინებას“ მხოლოდ აშკარა უმსგავსობა თუ შეძლებს - აი, დაახლოებით იმგვარი, როგორიც გამოძღარ იზორიას და მის თავხედ ძმას „დაემართათ.“

რატომ დავუშვი ამგვარი შესაძლებლობა? ნუ, გარდა იმისა, რომ „ოცნებაში“ დედა შვილს არ აიყვანს ესეც აშკარაა, რომ ბიძინამ რაღაც დათმობის იმიტაცია მაინც უნდა შექმნას და ამოუტენის ამ ვოლსკის ისედაც ამოტენილ სტომაქს - რა პრობლემაა?.. დღეს, ნიკა გვარამია გამოკითხეს და მან პირდაპირ დაადო ხელი ვოლსკის - ამ ძალადობრივ ჯგუფებს სწორედ ის მართავსო. გარდა ამისა, მან საქმის კვალიფიკაციის კორექტულობაც ეჭვქვეშ დააყენა:

საბოლოოდ, არ ვიცით, რას ეფუძნება მისი ბრალდება, მაგრამ ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ გვარამია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია და მშვენივრად მოეხსენება, რომ ეჭვი და ლოგიკური ბმა, იურისპრუდენციაში არაფერს წარმოადგენს. ყველაზე მეტად გვარამიას ინტერვიუს იმ ფრაზამ დამაფიქრა, სადაც ის გამომძიებელთა პროფესიონალიზმზე საუბრობს:

ცოტა არ იყოს და, მაღალი პროფესიონალების მხრიდან, საქმის არაკორექტული კვალიფიკაცია გაოცებას იწვევს, მაგრამ ჩვენ, სხვა ვიკითხოთ: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ვოლსკის მაღალკვალიფიციურად უსრულებენ? ერთი კია - „ოცნების“ მიმართ საკმაოდ დიდი დამსახურება აქვს და, ალბათ, ელჩობა არ აცდება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ კი აღნიშნული ჰიპოთეზა გამართლდა. ეგეც არ იყოს, ვოლსკიმდე, გასაწირის მეტი რა არის? მაგრამ, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ბიძინას ახლა შოკისმომგვრელი რამ ჭირდება და გოგაშვილის ან ვინმე პაიკის გაწირვა, „გაზაფხულს ვერ მოიყვანს“. თავად დეპუტატის რეაქციაც ნიშანდობლივია. როგორც წესი, ვოლსკი, თუ კი ჭკვიანური სახით რაიმე აბზაცის ჩარაკრაკებისკენ არაა მოწოდებული, ცდილობს ან მენტორის ზომიერი ინტონაციით ესაუბროს მედიას, ან ხუმრობანარევი კომენტარებით შემოიფარგლოს და, როგორც წესი, უკბილოდ. დღეს კი, ლამის თმებით ითრია ჟურნალისტები - აშკარად აღელვებული ჩანდა და იცით ყველაზე საინტერესო რა არის? მანაც, ისევე როგორც ჩვენ ახლა, არ იცის, რეალურად, ცუდადაა მისი საქმე თუ არა. და ეს ტრაგიკომიკურია.


Comments


bottom of page