ვინ უნდა დარწმუდნეს მზაობაში?
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 21, 2020
- 2 min read
ცოტაც და, «Defender Europe 2020» დაიწყება - ამერიკა უკვე შეუდგა ძალების ევროპაში გადმოსროლას. საუბარია 20.000 ჯარისკაცსა და მათ ტექნიკაზე. ეს, ბოლო 25 წლის მანძილზე, ამერიკული ძალების ევროპაში გადმოსროლის უმაგალითო შემთხვევაა.
საერთო ჯამში, სწავლებაში 18 სახელმწიფოს 37.000 სამხედრო ჩაერთვება. საუბარია საზღვაო მედესანტეებზე, სამხედრო-საჰაერო ძალებზე, ეროვნული გვარდიის დანაყოფებსა და სარეზერვო შენაერთებზე. სამხედროები გერმანიაში, ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოში მოიყრიან თავს. თუმცა, ძირითადი ძალები პოლონეთში დაბანაკდებიან.

სწავლების ამოცანა, NATO- შენაერთების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა და ეს, ცხადია, მხოლოდ ფორმალობა არ გახლათ, მაგრამ ესეც აღვნიშნოთ: იმისთვის, რომ NATO-ს ძალების მზაობა შემოწმებულიყო, აშშ-ის ევროპული ძალებიც საკმარისი იქნებოდა, არ თვლით?
მაშ, ვინ უნდა დარწმუნდეს NATO-ს ძალთა მზაობასა და სერიოზულობაში? ცხადია, რუსეთს, როგორც ევროპის ძირითად საფრთხეს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესაძლებლობების შესახებ კარგად მოეხსენება, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში, სწრაფი რეაგირება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ზოზინს, არავინ აპირებს. აქ კი, საუბარია 20.000 ამერიკელ სამხედროზე, რომელიც მთელს ოკეანესა და ევროპას გადმოკვეთს, რომ პოლონეთში დაბანაკდეს. ადრე, ბევრს საუბრობდნენ ამერიკული სამხედრო ბაზის გერმანიიდან პოლონეთში გადატანაზე. მერე, ერთანს თითქოს მინავლდა ეს თემა მაგრამ ამ გადმოსროლამ, ახლიდან ამოწია - შესაძლოა, უბრალოდ როქი გაკეთდეს - ახალი ძალები დარჩნენ, ხოლო გერმანიაში განთავსებულებმა, უბრალოდ დატოვონ იქაურობა, რადგან არ დარჩეს დემარშის შთაბეჭდილება. ისე, საუბარი თურქული ბაზებიდან ერთ-ერთის, კერძოდ ინჯილრიკის საქართველოში გადმოტანაზეც იყო, მაგრამ პირველი შემთხვევის მსგავსად, ესეც მხოლოდ კერძო ექსპერტულ მოსააზრებებში და არა ოფიციალურ დონეზე და საჯაროდ.
მსურს ესეც ყურადღებით გასიჯნოთ: სწავლებაში მონაწილე ძალთა სასწავლო დისლოკაციის ადგილები, მკაფიოდ მიუთითებს სწავლების „განწყობას“ - დასაცავია ევროპის ცენტრი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი. ძალთა და ტექნიკის სრულფასოვანი მანევრი, თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება. ჩვენ, ყველაზე მეტად, გვაინტერესებს საქართველოს როლი, მონაწილეობა და სხვა დეტალები. როგორც ჟურნალი Army Times წერს, სწავლების პირველ ეტაპზე, საქართველოში, ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, მრავალეროვან ძალთა მასიური საჰაერო დესანტირების ოპერაციები ჩატარდება.
სწავლება «Defender Europe 2020» ივნისამდე გასტანს და, ჩემი აზრით, ესეც ფრიად ნიშანდობლივია. ცხადია, სწავლების ამგვარი მასშტაბურობა და ხანგრძლივობა, უპრეცედენტო არ გახლავთ, მაგრამ, მსოფლის და მეტადრე ჩვენი რეგიონის ამჟამინდელი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ვიმეორებ, ამ სწავლებაში ბევრი რამ, ფრიად ნიშანდობლივია.
Comments