დიდება გვამს!
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 14, 2020
- 3 min read
რუსულ „პროვოსლავიე“-ში იმდენივე მართლმადიდებლური, რამდენიც შამანიზმში. რუსული ეკლესია, „სუკ“-ის დეპარტამენტია, ყველამ იცის, ხოლო მისი სპეკულიანტი მაღალიერარქი, სიგარეტის ბარიგა და მულტიმილიონერი კირილე გუნდიაევი, სულ ცოტა არის, „კაპო“ და, რაღაც წრეში, ალბათ, „კაპო დი ტუტი კაპიც“. დიახ, Mосковский патриархат, ესაა მაფია და, შესაბამისად, იმართება ისე, როგორ არამც თუ დიდი, არამედ გიგანტური კრიმინალური დაჯგუფება, რომლის საცეცები პლანეტარული მასშტაბისაა.

და ეს „შეღავათი“ მას სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ეწევა, რომ ის ახერხებს და ზემოქმედებს ე. წ. „ვატა“-ზე, რაც ჭარბ პროპაგანდისტულ ინექციებთან ერთობლიობაში, იძლევა მორჩილ მასას, რომელსაც სწამს ყველაფრის, რასაც თავში ჩაუდებენ. როგორ გგონიათ, მეორედ მოსვლის ამბავი, მხოლოდ ჩვენ გაგვიმხილეს? შესაძლოა, რაიმე არასწორად მესმის, მაგრამ მეორედ მოსვლა მაცხოვრისა, და ყოველივე შემდგომი, გახლავთ დიდება, ძალი და სუფევა უფლისა, ზეიმი სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისა და დიდად სასიხარულო რამ! რუსული თარგით?
გუნდიაევმა ამის შესახებ 2017 წელს შემოკრა განგაშის ზარები. ბრმა უნდა იყოს კაცი, ეს რომ ვერ დაინახოსო და მოუწოდა ყველას, რათა ყოველმხრივ შეეწინააღმდეგონ „ისტორიის დასრულებას“ (!)
ანუ, როგორ მაშინდელი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი რუსულენოვანი წყაროები აცხადებდნენ, კირილე თავზე წამომდგარი საფრთხით „შეძრული კაცი“ უფრო გახლდათ, ვიდრე უფლის საბოლოო გამეფებით „ბედნიერი მწყემსი“. და ლოგიკურიცაა - სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი უნდა ახლა ამას, გვამი უდევს პირამიდაში და ფულს შოულობს..
უნდა?
ფულის შოვნაზე გამახსენდა.. ეს ამბავი იცით?
გუნდიაევზე საუბარი მისი ამ ქადაგებით დავასრულოთ
სხვათა შორის, რუსი „ბაწიუშკა“, ვინმე ჩაპლინი გსმენიათ?
პირველად, ეს ტიპი 2015 წელს მომხვდა თვალში.

ვინც რუსეთს აკვირდება, ემახსოვრება ის სასამართლო პროცესი, რომელიც ერთი წიგნის გამო გაიმართა და რომელმაც მკაფიოდ გამოავლინა ყველაფერი, რაც „როსსიანულ“ ძალაუფლებისა თუ გავლენის ვერტიკალში რწმენასთან მიმართებით ხდება - ეს ხალხი ადამიანთა მრწამს ინსტრუმეტად მოიხმარს. და დამეთანხმეთ - ამაზე დაბლა, უბრალოდ, არ არსებობს. გაგახსენებთ, სასამართლო პროცესი შორეულ აღმოსავლეთში, რუსულ იუჟნო-სახალისნკში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა შინაარსობრივად მუსულმანური მსოფლმხედველობის წიგნი („მოხმობა უფლისა: მისი აზრი და ადგილი ისლამში“), ვინაიდან, სასამართლოს აზრით, ის ექსტრემისტულ ტექსტებს შეიცავდა. კერძოდ, ყურანიდან მოხმობილ ციტატებს, რომლებიც იკითხება, როგორც სხვა რელიგიათა მადისკრედტირებელი. და რაც წმინდად რუსულ-კომიკურია - გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ მოსამართლემ მიიღო, ემყარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტოროს მიერ ჩატარებულ ტექსტის ექსპერტიზას, და არა რელიგიის ექსპერტთა, თეოლოგთა კომპეტენტურ დასკვნებს. ხომ წარმოგიდგენიათ დედაღორივით რუსი მილიციელი, დიდი სამხრეებით და უშველებელი ამბიციით, რომელიც ყურანის ტექსტს ექსპერტიზას უკეთებს.. რაიმე ექსპერტიზას, ზოგადად. უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ განხილვის საგნად ქცეული ტექსტები, ყურანის ყველაზე ცნობილი სურებიდან გახლდათ მოხმობილი.
და აი აქ, ე. წ. მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სწორედ ამ ჩაპლინმა გაახმოვანა.
და განაცხადა, რომ ძველი ტექსტები არ შეიძლება სასამართლო განხილვის საგნად იქცეს და, ერთგვარად, ხელშეუხებელია.
ძველი, წმინდა ტექსტები იმ დროს მიეკუთვნებიან, როდესაც პიროვნებისა და საზოგადოებისთვის რელიგიურ ნორმათა მნიშვნელობასა და უპირატესობაში ეჭვის შეტანას ვერავინ გაბედავდა. შესაძლოა, იმ ტექსტების განახლებასთან მიმართებით, რომლებიც 300-500 წლის წინ, ადრეული ექსტრემისტების მიერ შეიქმნა, ერთგვარი მორატორიუმის მოფიქრებაც დაგვჭირდეს
- განაცხადა ჩაპლინმა, რომელსაც რუსულ მედიაში церковник-ად მოიხსენიებენ და დასძინა, რომ ყურანი, თვით ბიბლია და თორაც კი, დღევანმდელი საზომით სრულიად ექსტრემისტულ ტექსტებს შეიცავენ.
რაღაც ნიშნით, თითქოს, პოზიცია, რომ ძველი რელიგიური ტექსტები არ შეიძლება სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს, ცივილიზებულია, მაგრამ, რეალურად, ესაა დირექტივა, რომელიც კრძალავს აზროვნებასა და ახლიდან გააზრებას იმ საზომით, რომელიც დღევანდელობას შეესაბამება.
და ეს რუსული „პრავოსლავიე“-ს ძირითადი დოგმაა: შენ ხარ არარაობა, არაფერს გეკითხებიან და უფლისგან ნაწყალობები ნება და არჩევანი, შენს ცხოვრებაში არაფერს განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომამ აქცია რუსეთის ეკლესია რიგით სახელმწიფო-პოლიტიკურ უწყებად, სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი ჩვევებითა და მმართველობის კრიმინალური ყაიდით.
P. S. თავის ცნობილ ტექსტებში, ბლეზ პასკალი წერდა: „..თუ მხოლოდ სხეულებრივნი ვართ, არაფრის შეცნობა არ შეგვიძლია. ხოლო თუ ჩვენში ერთმანეთს ერწყმის სული და სხეული, არ შეგვიძლია ბოლომდე შევიცნოთ ერთგვაროვანი საგნები - მხოლოდ სულიერნი, ანდა მხოლოდ სხეულებრივნი. აი, სწორედ ამიტომაა, რომ თითქმის ყველა ფილოსოფოსი ერთმანეთში ურევს იდეასა და საგანს. სხეულებრივ საგანზე ისე მსჯელობენ, თითქოს სულიერი იყოს, სულიერს კი, პირიქით, სხეულებრივად წარმოგვიდგენენ.“
ეს სენია, რომელიც კიევის მართლმადიდებლობას მოსკოვიესგან შეეყარა და რომელსაც, „რუსსკოე პრავოსლავიე“ უკვე ასწლეულებია გააფთრებითა და მზაკვრობით ნერგავს. სხვა, მას, უბრალოდ, არაფერია აქვს შემოსათავაზებელი.
Comments