გალაქტიონის ორი დღე
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 9, 2020
- 1 min read
ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ ხშირად, გალაქტიონი იძულებული იყო ეშიმშილა, ვინაიდან მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო, მისი შემოქმედება გახლდათ, ხოლო გამომცემლები თუ რედაქციათა თანამშრომლები, ნებსით თუ უნებლიედ, საქმეს უჯანჯლებდნენ და, შესაბამისად, ჰონორარის გარეშე დარჩენილ პოეტს, ისღა დარჩენოდა, დარდსა და წუხილს მისცემოდა, რაც მის 1929 წლის დღიურის ჩანაწერებში, კარგად ჩანს. გთავაზობთ ორი დღის, სრულიად სულისშემძვრელსა და უსიამო ჩანაწერს..

22 მარტი
დღესაც ავადა ვარ. მუშაობა არ შემიძლია. საერთოდ მდგომარეობა კატასტროფიულია. არსაიდან ჯერჯერობით იმედი არა მაქვს, რომ საიდანმე გაჩნდება სულ ცოტა მაინც ფული, რომ პაპიროსი მაინც მექნეს, თუ სადილი არა. გადაუხდელია წყალისა და ბინის ქირა. სულ ადვილად შეუძლიათ გადამასახლონ ბინიდან. როდემდის გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა? სახელგამიდან პასუხი არ არის „ეპოქის“ გამოცემის შესახებ... „მნათობიდან“ პასუხი არაა იქ თანამშრომლობის შესახებ. ... წიგნი გამოვა ერთი ან ორი თვის შემდეგ. მანამდე? მანამდე? რა უნდა ვქნა, როგორ ვიმუშაო მანამდე? ხომ შეიძლება, ბინა დავკარგო მანამდე, ხომ შეიძლება შიმშილმა წამაქციოს სადმე მანამდე?
24 მარტი საუცხოვო მზიანი დღეა. სჩანს, გაზაფხულდა. მე კი ორი დღეა არა მიჭამია რა. მაინც კარგია გაზაფხული... მოვედი სახლში, ჩავიკეტე კარები და ვწევარ. მწოლიარე კაცი უკეთესად იტანს შიმშილს... ღამით საოცარი სიზმრები მესიზმრებოდა. ვინ გინდა არ იყო ამ სიზმრებში: ახლობლები და შორეულები: პირადათ მე საკუთარი ხელით დაბლობიდან მაღლა მთაზე ავიტანე უზარმაზარი მატარებელი! ... ასე კარგია სიზმრები. ასე კარგია გალიუცინაციები. სიზმარი უკეთესია, ვინემ სინამდვილე"... 1929 წელი
Comments