top of page

გადაგდებული ედროღანი

Updated: Feb 10, 2020

როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალება აღიკვეთა და ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები გაფუჭდა, ანკარამ მოკავშირეების ძებნა ვაშინგტონის მეტოქეებში დაიწყო და ასე აღმოჩნდა რუსეთთან ერთად „შებმული“.

ერთხანს, ამ წინააღმდეგობამ იმუშავა - ასადი აწყობდა რუსეთსაც და თურქეთსაც, რომელიც მისი მომხრე იყო იმდენად, რამდენადაც იგი არ უშვებდა ქურთულ ავტონომიას სირიის ჩრდილოეთში. მისი მოსაზღვრე თურქეთის სამხრეთთან ერთად, ეს სწორედის ის გეოგრაფიული არეალია, რომელსაც ქურთების ისტორიული მიწა ეთქმის და სახელმწიფოს ჩამოყალიბება, წორედ ამ სივრცეში წარმოუდგენიათ. ჰოდა, თუნდაც ნახევრადსახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, და თუნდაც სხვა სახელმწიფოს ტერიოტრიაზე, თურქეთს არაფერში აწყობს, რაც იოლი ასახსნელია. გარდა ამისა, ის ქურთებს სეპარატისტებად, ტერორისტებად აცხადებს და ამიტომაც, ერთგვარ ბუფერულ ზონას ითხოვდა. თითქოს ყველა ყაბულს იყოს, მაგრამ ერთია სიტყვა და ქაღალდი, ხოლო მერე რეალობა, რომელშიც ეს ზონა, მხოლოდ წარმოსახვითია.

მოხდა ის, რაც მუდმივად - რუსეთმა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედება დაიწყო და ამ შავ-ბნელ საქმეში, არც მოკაშირის მოძიება გაჭირვებია - ირანი. საბოლოოდ, ამერიკა სირიიდან გავიდა და რეალურად, თურქეთი თავის ამბიციებსა და პრობლემებთან მარტო დარჩა. იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს მას ვერ შეაფერხებს, თურქეთმა აგრესიულ რიტორიკას უმატა და სხვა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაც გამოაცხადა. ვცდი და მოვლენებს ქონოლოგიური მწკრივით მივყვები, თუმცა, შესაძლოა, მცირე ცდომილება თანმიმდევრობაში იყოს - თარიღების აბსულუტურ სიზუსტეზე, თავს არ დავდებ - ზოგადი სურათი კი, ამგვარი შეიქმნა: იანვრის პირველივე დღეს, ერდოღანმა, სამხედროების წარმატებებზე საუბრისას, განაცხადა, რომ თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში აქტიურობას განაგრძობს. მოგვიანებით, დადასტურდა ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს მოარული ხმა - თურქეთმა ლიბიაში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მეტი ლაზათისთვის, ანკარამ ამ ყველაფერს სამთავრობო ძალების წვრთნა „მოასხა“ და დისლოკაციის მიღმა, ქვეყნის სხვა რეგიონებში, მოქმედება გამორიცხა - ზოგადად, გამოაცხადა ჩაურევლობა.

გაეროს მიერ აღიარებული თახმობის მთავრობისთვის ტრიპოლის დაცვაში დახმარების გაწევა ერთადერთ აქტიურ სამხედრო ამოცანად დაისახა. ერდოღანის თქმით, ფაიზ სარაჯიმ დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა და ეს, მათ შორის მანამდე გაფორმებული პაქტის საფუძველზე მოხდა.

მიუხედავად ოპოზიციის დიდი წინააღმდეგობისა, ლიბიაში სამხედრო მოქმედების ერთწლიან მანდატზე პარლამენტის თანხმობის მიღება, ერდოღანს არ გაჭირვებია.

6 რიცხვში მან ოფიციალურად განაცხადა, რომ სამხედროები ლიბიისკენ უკვე დაიძრენ.

მალევე, სირიაში თურქულ ჯარებზე განხორციელებული შეტევა, სამხედროთა დაღუპვით სრულდება. თავდასხმა განახორციელეს ძალებმა, რომლებიც მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობენ. ერდოღანმა პუტინს დაურეკა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლის საფთხეზე მიანიშნა - „მკაცრად“, თურქული ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებუი რელიზის მიხედვით.

შეთანხმების მიღწევის იმედით, ლიბიის აღიარებული მთავრობა და აჯანყებული გენერალი ჰაფთარი მოსკოვში ჩავიდნენ - მანამდე ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა, რითაც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სამშვიდობო ინიციატივას უპასუხეს. ეს ინიციატივა, პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს გახმოვანდა.

კრემლი ჯერ კიდევ ფაქტორია და, მით უფრო ბოლო წლებში, როდესაც ის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გააქტიურდა. ასე რომ, შესაძლოა, დაპირისპირებულმა მხარებმა იცოდნენ კიდეც, რომ ვერ შეთანხმდებოდნენ, მაგრამ გაუგორეს, ჩავიდნენ და, მართლაც, მათ შორის „მშვიდობის მტრედობა“, კრემლს, გაყინულ შუბლს ფრიად დაუმშვენებდა. დაახლოებით ერთ კვირაში, ბერლინში ლიბიის საკითხზე საერთაშორიუსო კონფერენცია შედგა. ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს, იარაღის მიწოდების შეწყვეტა გახლდათ, თუმცა ბერლინმა, ამას ეჭვის თვალით შეხედა - არ ასრულებენო, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაასმა. პარალელურად, თურქული ნაწილები ლიბიაში განთავსებას იწყებენ - სარაჯის მთავრობამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სრულიად მოულოდენლად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ გამოდის ინიციატივით, რათა საქართველო ბოლო-ბოლო მიიღონ NATO-ში.

რით აიხსნება ეს გააქტიურება? თურქეთი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდეს ალიანსის წევრი სახელმწიფო, ვიდრე მყიფე ტერიტორია, რომელშიც სტაბილური, მხოლოდ არასტაბილურობაა. და რატომ? თურქეთი საფრთხეს ჩრდილოეთიდან ელის? ეჭვგარეშეა - სირიაში რუსეთისა და თურქეთის ინტერესები დიამეტრალურად დაშორდნენ და დაფიქსირდა რამდენიმე შეტაკებაც, სადაც თითქოს და რუსეთი არ იყოს, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ იყო.

ცხადია, ახლა არც რუსეთში განიხილება, და არც სადმე, თურქეთში ინტერვენცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევასა და გარემოებაში, ანკარას უსათუოდ ჭირდება მოკავშირე ჩრდილოეთით და საქართველო იდეალური კანდიდატია, როგორც გეოგრაფიულად, ასევე რუსეთთან დამოკიდებულების მხრივ. მაგრამ, ეგებ, ეს მხოლოდ იმიტომ, ითქვა, რომ NATO-ს გაფართოების მოწინააღმდეგე რუსეთი გაღიზიანებულიყო.. ან რეალისტურად შეეფასებინა თურქეთთან მოკავშირეობა. საქართველო-თურქეთის ურთიერთობას ნორმალური ეთქმის და რიგი მიმართულებები, იგივე სატრანზიტო ფუნქცია, სტრატეგიულ კავშირში გვრთავს, მაგრამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, სხვა „სართულია“ - თანაც, თურქეთს სახმელეთი საზღვარი ალიანსის არც ერთ წევრთან აქვს და საქართველოს ნატოელობა, ამითაცაა საშური.

მაშ, თურქეთი ძველი გზით წავიდა და მოკავშირეების ძებნა რუსეთს მოწინააღდეგეებში დაიწყო? ძალიან ჰგავს ამ ვითარებას, რადგან ეროღანმა კრემლი ასტანის პროცესის შედეგად მიღებული შეთანხმების დარღვევაში უკვე ღიად დაადანაშაულა. რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, კონტრლბრალდებები გადმოალაგა და თურქეთს დაძაბულობის კერების ხელოვნურ შექმნაში დასდო ბრალი.

ის, რომ ანკარამ ანტიკრემლისტურ ბანაკში ძაფების გაბმა გაახშირა, იმითაც დასტურდება, რომ რუსეთის დადანაშაულებისთანავე, ერდოღანი კიევში გაემგზავრა, უკრაინას სამხედრო დამხმარება შესთავაზა (!) და სულ „Слава Украине!“ იძახა:

გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ რუსეთი თურქეთთან კონფლიქტში ღიად ჩაერთვება - ის ყოველთვის ირიბი ან ფარული მონაწილე იქნება და ამ საქმეში, მისი რესურსი შთამბეჭდავია. მაგრამ ის ამოუწურავი არ არის, ცხადია. და აქ არ იგულისხმება შეიარაღება და ტყვია-წამალი - ომი დიდი ხარჯია და იარაღის მიწოდებაც არ გახლავთ იოლი. რუსეთი სულ უფრო განიცდის სანქციათა წნეხს და ცვალებად მსოფლიოში, ფინანსურად, დალხენილი არ არის. ცხადია, მას შეუძლია შავი ზღვიდან გავიდეს ხმელთაშუა ზღვაში და ისე მიცურდეს სირიაში, იმ თავის პორტში, მაგრამ თუ თუქეთმა სრუტეები დაკეტა? ვერავინ იტყვის გეგმავდა თუ არა ერდოღანი ლიბიაში შეჭრას მაშინ, როდესაც ქურთების საწინააღმდეგო ოპერაციით სირიაში შეიჭრა, მაგრამ ფაქტია, თურქეთი ახლა იქ გახლავთ, ხოლო იმის აღქმას, თუ რას წარმადგენს ეს „ის“, რუკაზე ცალი თვალით დახედვაც ჰყოფნის. ნუთუ აქ ბრძოლა ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთისთვის მიმდინარეობს? რუსეთს, მხოლოდ ერთი შანსი აქვს იყოს იმ ზღვაზე, რომელიც მის ნაპირებს არ რეცხავს - ასადი უნდა დარჩეს. თურქეთს კი დიდი პრობლემები აქვს, რადგან მისი ლიდერი თავს გადაგდებულად თვლის. ეს კი, აიძულებს საჭიროზე ხისტი იყოს. მაგჰრამ სიხისტემ, მიჩვევა იცის - მიჩვევამ კი „ოვერდოზი“ - საკუთარი მოქნეულით დარეტიანებული, კაცობრიობის ისტორიას ბევრი ახსოვს. ასე რომ, ის დროა, თურქეთი შტატებს შეურიგდეს, რადგან სტამბოლში ორჯერ ზედიზედ ნაწვნევი მარცხი, რომელიც მმართველმა პარტიამ განიცადა, მომავალ არჩევნებში, ერდოღანს კარგას არაფერს უქადის. მას სასწრაფოდ ჭირდება ძლევამოსილი გამკლავება თურქეთის მტრებთან.

უამერიკოდ?


Comments


bottom of page