top of page

ახალი მკვდარი იდეა

როგორც ხდება ხოლმე, კვლევაში, რომელიც საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ყოფითი საკითხების ირგვლივ ჩვენს დამოკიდებულებას უკავშირდება, დასმულ საკითხთა სპექტრი დიდია და მხოლოდ ცალკეული ლიდერისა თუ პარტიის წონით, არ იფარგლება.

მიუხედავად ამისა, ჩვენში სწორედ ეს მონაცემებია „პოპულარული“ და ტირაჟირებაც მათი მიდის. ბუნებრივია, ამის ახსნა იოლია - საარჩევნო წელი, წლად და, ეს კონკრეტული, რომლის წინაშეც ახლა ვართ, ეპოქალურია და ეს რომ დღესავით ნათელია, გადაჭარბება არ გახლავთ. ცხადია, ვერავინ იტყვის, რომ ამერიკული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ამ ბოლო კვლევის რომელიმე ნაწილი დაიგნორდა, მაგრამ ფაქტია, ზოგიერთს ნაკლები ყურადღება დაეთმო. მაგალითისთის, გამოდგება საქართველოს გამოკითხულ მოქალაქეთა დამოკიდებულება NATO-ს და ევროკავშირისადმი. შესაძლოა ამ მონაცემებს ნაკლები ყურადღება იმიტომ დაეთმოთ, რომ წლებია არაფერი იცვლება..

არაა გამორიცხული. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ მოსახლეობის 82%-ის აზრით, საქართველო ევროკავშირში უნდა ირიცხებოდეს. 75% საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ემხრობა.

ფაქტობრივად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგები ჩაბეტონებულია და, რევიზიას არ ექვემდებარება.

ერთადერთი, ვინც ამის წინააღმდეგია, კრემლის აქაური „ტრფიალები“ გახლავან. თუმცა „ხალხთა საპყრობილეს“ მოკავშირეები არც სხვაგან აკლდა. ის ყოველთვის ახერხებდა და ახერხებს ზოგ დასავლელელ „მოთამაშეში“ სკეპტიციზმის, ან კატეგორიულობის გაღვივებას. ცხადია, ყველას გვახსოვს, თუ რა ჭიდაობა გაიმართა ბუქარესტის სამიტზე... ფრანგულ-გერმანული „ტანდემი“, როგორც საქართველოს დასავლური ვექტორის ერთგვარი მუხრუჭი, ძველი თემაა. ბერლინის ამბავი გადაღეჭილია - „გაზპრომი“ და უზრუნველი პენსია, ვთქვათ, თუ კი ეს რეალურად მართლაც ასეა, მაგრამ ეს ფრანგული „გაწოლა“, რასაც მაკრონი ეწევა, რას ეფუძნება? რამ შეიძლება გაანათოს ჯოჯოხეთი, რომლიც წარმომადგენელი მოიხმარს ყველაფერს, რაც დასაშვები და დაუშვებელია? იმედია, არ გაგიკვირდებათ, თუ კი საფრანგეთის ხელისუფლების მექრთამეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ვერ მოვიხმობ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ შინაარსის საუბრები, დღეს არ დაწყებულა და საერთოდ, ფრანსუა მიტერანის შემდეგ, ლამის არ იძებნება მეტ-ნაკლებად „დიდი“ ფრანგი ლიდერი, რომელიც ოდნავ მაინც მოგაგონებთ არა თუ ბონაპარტეს ან დეგოლს, რეალურ პირებს, არამედ გრაფ დე ლა ფერს მაინც, ლიტერატურულ გმირს. და სარკოზი, მთელი თავისი „კადაფური“ კომპრომატებიანად, ამის მკაფიო დასტურია. ცხადია, ჩვენ მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, ვინაიდან, მაშინ, 2008 წელს, თითქოს მშვიდობა მოგვიტანა და ეს იმ მომენტში უმნიშვნელოვანესი გახლდათ, მაგრამ მისი როლის გადაჭარბება არ ღირს - მაშინ არა ერთი სხვა და ბევრად წონიანი „არგუმენტი“ ამუშავდა. საბოლოოდ, მისი შუამავლობით ხელმოწერელი დოკუმენტი არ მუშაობს, მუდმივი დარღვევის რეჟიმშია და ყურს არავინ იბერტყავს. ამ ვითარებაში, სარკოზი თვლის, რომ გლობალურ საკითხებზე მსჯელობა და ნააზრევის ტირაჟირება, დროულია. ჰოდა, არც აცია, არც აცხელა და განაცხადა:

..მე წინააღმდეგი ვიყავი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების. იმიტომ არა, რომ თურქეთი ევროპული ქვეყანა არაა. თურქეთი მცირე აზიაშია განლაგებული. ეს უზარმაზარი ქვეყანა და ცივილიზაციაა. ჩვენ მასთან უნდა ვისაუბროთ. შესაძლებელია ეს იყოს სამმხრივი ფორმატი-ევროკავშირი-რუსეთი-თურქეთი-ამ გზით თანამშრომლობის გახსნასაც შევძლებთ ახალი წევრებისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის, რომელთა ნატო-ში გაწევრიანებასაც მე ერთ დროს ვეწინააღმდეგებოდი

არ გამკვირვებია - არც ის, რომ ასეთი აზრი დღევანდელი ფრანგი პოლიტიკოსისა თუ ნაპოლიტიკოსარის თავში დაიბადა და არც ის, რომ ეს ფრანგი, ნიკოლა სარკოზი აღმოჩნდა. ნუთუ ეს ვაჭრობაა და სარკოზის პირით, რუსეთმა დახლი გამოშალა? ანუ თურქეთს, რომელთანაც მზარდი ეკონომიკურ-პოლიტიკური და სამხედროი ურთიერთობა აქვს, ევროკავშირში შეათრევს? და ამით მას რა? ან რა არის ის, რის გამოც რუსეთი საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დასაშვებად მიიჩნევს? ასეთი რამ არ არსებობს. შეგვიძლია ეს განვიხილოთ, როგორც სარკოზის უსუსურ მცდელობა, დაიკმაყოფილოს ეგო? და სხვათა შორის, არც ის გახლავთ გასაოცარი, რომ ამ ინიციატივაში, არსად ფიგურირებს აშშ, რაც სარკოზის „სამკუთხედ“ აზრებს, ლამის განუხორციელებეს ხდის - ეს რუსეთის ოცნებაა - სამყარო, სადაც გლობალური საკითხები ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე იხილება.


Comments


bottom of page