Алла, я в бар! (+video)
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 10, 2020
- 2 min read
ჩემმა მეგობარმა თითქმის 10 წელი იცხოვრა და იმუშავა ირანში. ცხადია, მოსათხრობი ბევრი ჰქონდა, მაგრამ ერთი ამბავი, მეტად დამამახსოვრდა. იქაურ ნაცნობთან ერთად, სადღაც მიემგზავრებოდა. საჭესთან მჯდომ მის ნაცნობს შეუთავაზებია, ძალიან თუ არ გვეჩქარება, აგერ, მოედანზე გავიდეთ, როგორც ვიცი, 4-5 კაცი უნდა ჩამოახრჩონო. სამშენებლო ამწეებზე კიდებდნენ საბრალოებს, ხოლო ხალხი სეირის საცქერად დადის, თურმე.
თუ გაქვთ წარმოდგენილი, რამხელა უბედურება გახლდათ ყიზილბაშობა? გაითვალისწინეთ, რომ ეს ხდებოდა 300-400 წლისწინანდელ სამყაროში.
დღეს, XXI საუკუნეში? ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში, ასახულია ამჟამინდელი ირანის სულიერი ლიდერის, ჰომენეის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლა
ჩვენ ვიცით რამდენად ცივილიზებულები არიან ძალები, რომლებიც სხვა და სხვა სახელწოდებებით მოქმედებენ, მაგრამ ემსახურებიან სიბნელეს და ფინანსდებიან ირანიდან. გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია ხომ სწორედ მხილება გახლდათ - ნიადაგის გამოცლა ოფიციალური თეირანის გამუდმებული მტკიცებისთვის, რომ სახელმწიფო არ მონაწილეობს, ტერორიზმს არ აფინანსებს და ა. შ.
ახლა, წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხს ბირთვული შეიარაღება აქვს.

ადამიანის უფლებები და ირანი - ცალკე თემა. ასევე, არავისთვისაა საიდუმლო, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ხელისუფალთ მედიის მიმართ - განსხვავებული აზრის არა თუ გახმოვანება, ქონაც დანაშაულია. არავის გაკვირვებია, რომ გასული წელი ჟურნალისტების დევნითაც გამოირჩა - მეტადრე მისი ბოლო თვეები.
მოგეხსენებათ, ნოემბერი ირანში საპროტესტო აქციების თვე გახლდათ - მოქალაქენი საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ.
სწორედ მაშინ, დევნის, დაჭერებისა და გამოკეტვის ახალი და მძლავრი კამპანია დაიწყო - ადამიანებს აკავებდნენ ყოველგვარი ბრალდების გარეშე, ან უსაფრთხოების მომიზეზებით. საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განგაშს ტექხს - ირანში ბოლო სამი თვის მონაცემებით, საერთო ჯამში, 12 ჟურნალისტი დააკავეს, ხოლო წლის ბოლოს, კიდევ ოთხი მათგანი - ჯავეჰ ჯავაჰირი, ქავეჰ მზადარი, ფორუნა სამენია და აჰმად ზაჰედი დააპატიმრეს. ისინი ესწრებოდნენ სამგლოვიარო აქციას, რომელიც ნოემბრის გამოსვლებისას დაღუპული მოქალაქის ხსოვნას ეძღვნებოდა. იმ დღეს, მათ გარდა, არა ერთი მოქალაქე დააპატიმრეს, თუმცა უმეტესობა მალევე გათავისუფლდა, ხოლო მედიის წარმომადგენლები პატიმრობაში დატოვეს. უფლებადამცველების მტკიცებით, ირანელი სამართალდამცავები ჟურნალისტებზე ძალადობენ. ორ ცნობილ ჟურნალისტ ქალბატონს ბოლო ორი კვირის მანძილზე ეპყრობოდნენ არაჰუმანურად, ამცირებდნენ.
„რეპორტიორების“ განცხადებით, მსგავსი რამ ერთეული შემთხვევა არ არის.
25 დეკემბერს, ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ქალი, ნარგეს მოჰამადი ციხეში უმოწყალოდ სცემეს. ის ადვოკატთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, მის ნაცვლად, ციხის დირექტორი და დაზვერვის სამინისტროს წარმომადგენელი დაახვედრეს და აცნობეს, რომ სხვა ციხეში გადაჰყავდათ, რაც პატიმარს სიტყვიერად გაუპროტესტებია. მასზე ძალადობა იმდენად სასტიკი ყოფილა, რომ გადაყვანა სასწრაფო-სამედიცინო ტრანსპორტით განხორციელდა. წამება, კმიუხედავად ოფიციალური უარყოფისა, ექსპერტიზით დგინდება. ნარგეს მოჰამადის ათი წელი მიუსაჯეს. ბრალდება კი ამგვარია: ანტისამთავრობო პროპაგანდის გავრცელება და აკრძალულ ოპოზიციურ ჯგუფში გაწევრიანება.
მოგეხსენებათ, „რეპორტიორები“ ყოველწლიურად ადგენენ ე. წ. „პრესის თავისუფლების რეიტინგს“. 180 ქვეყანას შორის, ირანი ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს.
სხვა არა ერთი მაჩვენებლითაც, ირანი, როგორც სახელმწიფო, არაფრით შეესაბამება დროს, ხოლო ირანელი ხალხი, წესით, უკეთესის ღირსია, მაგრამ, რაღაც ვერ ვატყობ, დიდად იბრძოდეს ამისთვის.
P. S. შუახნის რუსთა წყვილი, რომელიღაც საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, ჩასხდომას ელის. კაბის კალთას გამობმული „მუჟიკი“ ცდილობს რაიმე მოიმიზეზოს, რომ „საქმეს მიხედოს“. რაღაც მომენტში, ისარგებლა იმით, რომ თავად გასასვლელთან ახლოს იდგა, ხოლო ცოლი მოშორებით და იქიდანვე შეუძახა: - Алла, я в бар!
ყველა მგზავრისთვის, ვინც შორი-ახლოს იმყოფებოდა, ამან გაიჟღერა, როგორც „ალაჰუ აკბარ“, რაც, რეალურად, „უფალი დიდია“-ს ნიშნავს, თუმცა, ჩვენს დროში სულ სხვა დატვირთვა შეიძინა და ეს, ობიექტურია. და, ამავე დროს, ტრაგიკულიც.
Comments