Jus Ad Bellum - ქაქუცას უფლება
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 25, 2020
- 2 min read
Jus ad belum - ეს საყოველთაოდ აღიარებული უფლება იმ რიგიდანაა, ისტორიული რომ ეთქმის. ის აწესრიგებდა და აწესრიგებს (?) პატრონის (სიუზერენის), შემდგოში კი, სახელმწიფოს (ანუ, ხალხის) უფლებას, აწარმოოს საომარი მოქმედებები და ეს, სახელმწიფოს სუვერენული უფლებების, სუვერენიტეტის, როგორც ასეთის, ერთ-ერთი არსობრივი გამოხატულებაა. ანუ, საკმარისია აღიარებულ იქნას სახელმწიფოს სუვერენიტეტი, რომ სხვასთან ერთად, ხდება მის მიერ ომის ლიგიტიმურად წარმოების უფლების აღიარება.
დღეს, თავად უფლება გაეროს წესდებით რეგულირდება და ამგვარი ომის წარმოებისთვის, საგანგებო რეზულუციას ითხოვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ე. წ. ვეტოს უფლებას მავანი „უარყოფითი პერსონაჟები“ ფლობენ, დატოვებულია ერთგვრი ხვრელი - არ ხარ ვალდებული დაელოდო გაეროს, თუ კი საქმე მოგერიებაზეა. ანუ, სხვგვარად რომ ვთქვათ, დღეს, ქართულ სახელმწიფოს ყველა ლეგიტიმური უფლება აქვს აწარმოოს თავდაცვითი ომი, რადგან მისი ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს ისე, ცნობისთვის, თორემ, ცხადია, სრული უმეცარი უნდა იყო, ან მამულიშვილის მანტიაში გახვეული მტერი, რომ ახლა, ამ ვითარებასა და განლაგებაში, სამშობლო რუსეთთან ღია საბრძოლო მოქმედებებში ჩართო - ეს სწორედ კრემლის ოცნებაა.
მაგრამ, ამავე დროს, ესვე გვმატებს პასუხისმგებლობას „Para Bellum!“ - ემზადე ომისთვის!
და რთულია თქვა, რომ ჩვენი არმია ძალისხმევას იშურებს - წრთვნა მუდმივია და გულიც ისევე ძგერს, მაგრამ ესაა და ეს - ახალი ქართული სახელმწიფო, ახლაც, მუდმივი საფრთხიs წინაშეა - ერში კი, ჩართული ბლენდერიდან ღვინის სმაში ეჯიბრება ხალხი ერთმანეთს. მაგრამ ეს, სხვა საკითხია.

ახლა, საუკუნისწინანდელ სუსხიან თებერვალს მივუბრუნდეთ. მაშინ არ არსებობდა გაერო და სხვაც, იმ თავისი უდღეური „ერთა ლიგის“ ჩათვლით, სრულფასოვნებისგან ძალიან შორს იდგა - როგორც ინსტუტიციურად, ასევე საყოველთაოდ აღიარბული „თამაშის წესების“ მხრივაც. მსოფლიოს იმპერიები და კაპიტალი მართავდა და არამც თუ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, ადამიანთა შორის ურთიერთობაშიც კი, ლამის აღარაფერი იყო მოწესრიგებული.
ეს ისტორიული კონტექსტი ცნობილია და ისიც, თუ რა პირობები და სამხედრო-პოლიტიკური კლიმატი ჩამოდგა ჩვენთვის მას მერე, რაც გერმანია დამარცხდა, გამარჯვებულ ბრიტანეთს კი სომხური ფუნტებიც ნამეტნავად ეამა, მოგვიანებით.
მერე კი, 1920 წლის 7 მაისი, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის აღიარება და... 9 თვეში ყველაფრის ხელყოფა! სიტყვა, რომელიც სულმნათმა ივანე ჯავახიშვილმა უნივერიტეტის კიბიდან 23 თებერვალს წარმოთქვა: „შვილებო!
ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!" ეს იყოს ლოგოსში გამოსახული Jus Ad Bellum.
და ამის მერე, ყველაფერი ის, რასაც შეეწირა იუნკერთა და გვარდიელთა, მარო მაყაშვილისა და ერისთავის, თუ ასეულობით სხვა, ნაცნობი თუ უცნობი გმირის.. კოტე აფხაზის, გიორგი ვაშაგურიძის სიცოცხლე.. და რამაც ქაქუცა გაიყვანა კლდის ჯიქის გზაზე - არის Jus Ad Bellum. არა მხოლოდ სიმამცემ, მოვალეობის განცდამ და შინაგანმა კონსტიტუციამ, სიჩაუქემ და კაი მოყმეობამ, არამედ ასევე, უფლებამ Jus Ad Bellum.
Comments