top of page

სამაგიეროს გადახდა უნდა - პირადი მოტივებიც აქვს - ნაფურთხები, ნაგინები.. თავსლაფდასხმული. ეგებ, მაშინვე გაიფიქრა, დავბრუნდებიო..

მგონი, თქვა კიდეც.

მალე აპირებს, როგორც შევიტყვეთ. ზურაბიშვილის მორიგ წამოროშვას, ბრიუსელში, ეს ელემენტი ისე ოპერატიულად გამოეხმაურა, გეგონება სამისოდ ითქვაო. უმნიშვნელოვანეს სიგნალად მონათლა, ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მორიგი ნათელი ეპოქა გამოაცხადა და განუზომებლი სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ როგორც იქნა და ჩვენც დავადექით დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზას.

ასე მგონია კვლავაც მომსწრე გავხდებით მისი ვიზიტისა. ცხადია, პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში აღარავინ ჩააკვეხებს, მაგრამ ინტერვიუებს კი ჩამოაპნევს და ვინ იცის, რამდე ზიანს მოგვაყენებს. ხელისუფლება ლავროვსაც გამოგვიდგამს რაფაზე, აგერ ნახავთ. საერთოდ, ეს ბოლო დრო, „ოცნება“, როგორც ვაკვირდებით, არ ერიდება გამწვავებაზე წასვლას. მეტსაც გეტყვით - ხანდახან ისეთი მონდომებით ძაბავს ვითარებას, რომ გინდა არ გინდა იფიქრებ - დაპირისპირებაში, ემოციებში, შეხლა-შემოხლაშია დაინტერესებული. და ეს კარგად ჯდება რუსულ სცენარში, რომლის საბოლოო მიზანი, სხვა და სხვა ვარიაციებით, არის ან ქართული სახელმწიფოს არარსებობა, ან დე-იურე ყოფნა, თუმცა რაიმე უსუსური წარმონაქმნის დონეზე ჩარჩენილი, ქაოტური არეალის სახით, სადაც ვისაც როგორ უნდა, ისე აფათურებს ხელს. რუსეთისთვის, მთავარია, არ იყოს სტაბილურობა, რადგან ეს განვითარების „საფრთხეს“ შეიცავს. ხოლო იქ, სადაც რუსეთია, განვითარება არც მოსალოდნელია და, პრინციპში, არც იგეგმება.

ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია თავი ვიმშვიდოთ და დაუღალავად ვაცხადოთ, რომ ივანიშვილი დამთავრდა, მაგრამ ფატია, ის ჯერ კვლავაც „მიმდინარეობს“ და, რაც ყველაზე საგულისხმოა, ჩვენთვის სრულიად არასასურველი მიმართულებით.

ვქეწარმავალისთვის სახასიათო მეთოდით, ნელა და აუჩქარებლად, ივანიშვილმა გვაქცია არაფრად - დღეს არც სახელმწიფო ვართ, არც ნახევრადსახელმწიფო, არც კვაზი სახელმწიფო.. დღეს ვართ „კერძო“ სახელმწიფო - ერთგვარი კორპორაცია, რომელიც, რეალურად პირამიდაც არაა. ის, უფრო არის ლობიოს ჭიგო, სარი, რომლის თავზეც, გატეხილი დოქი წამოუცვამთ გვირგვინივით - არავითარი იერარქიული საფეხურები - მხოლოდ მწვრევალი, მასზე წამოსკუპებული ივანიშვილი და მონობის მაძებართა დაუღალავი მცდლობები, აბობღდნენ სრულიად ციცაბო ჭიგოზე - თავისი ჩამოსრიალებებით, სხვის თავზე აბობღებით, ჩაწიხვლით და ცხოველური ინსტიქტების სრული „თაიგულით“.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, იოლად და ცალსახად ლამის ვერავინ დაასაბუთებდა, თუ რატომ არის ივანიშვილი პრორუსი - კონტრარგუმენტები იშოვებოდა. ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც მეტ-ნაკლები გასავალი ჰქონდა, მისი კაპიტალის რუსული წარმომავლობა გახლდათ, მაგრამ ამას იოლად იგერიებდნენ - მთავარია სად დახარჯავს და როგორო.ფრიად უსუსური გაპაექრებაა, მაგრამ ჭრიდა - საწინააღდეგოს ჯერ ვერავინ წარმოადგენდა.

ჭარბად დეკლარირებული “დაყვავების“ პოლიტიკა, საბოლოოდ კაპიტულიანტური აღმოჩნდა და დღეს, ამაზე არავინ დავობს. აი, დააკვირდით, როგორ აქვს წარმოდგნილი გავრილოვს ჩვენი მომავალი:

როგორც ჩანს, საქართველო მზადაა გადადგას აქტიური ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენისათვის - დიპლომატიური ურთიერთობებით დაწყებულით, დასრულებული ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების საიუბილეო თარიღის მოახლოებისგამო. ჩვენ მზად ვართ ყველა დაღუპულს საქართველოში მივაგოთ პატივი. საქართველო მრავალეროვანი იყო - რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, აფხაზები.. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავაც გახდება მრავალეროვანი და კეთილგანწყობილი რესპუბლიკა

ხედავთ, რა სურს? მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ მენტალობის ადამიანებში, მეტადრე რუსებში, სიტყვა „რესპუბლიკა“ სულაც არ ნიშნავს სახელმწიფოს მოწყობის პოლიტიკურ მიდელს ან რაიმე მსგავსს - მათ მენტალობაში, ეს ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი რამ გახლავთ და არ აქვს მნიშვნელობა, ფორმალურად, ფედერაციის სუბიექტია იგი, თუ, ვთქვათ, გაეროს წევრი.


Comments


bottom of page