top of page

იმ ყვავის ამბავია რა, ვარდს რომ მიაგნო, შემოასკუპდა და თავი ბულბული ეგონა.

ისე, ხომ არ გგონიათ, რომ ამ ყოველივეში არ ვმონაწილეობთ? ვმონაწილეობთ - იმ დღიდან, რაც ეს შესაძლებლად მივიჩნიეთ, შანსად ჩავთვალეთ და მოვახდინეთ - ვმონაწილეობთ. არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო, ვის არ სმენია? მწყერი (coturnix-coturnix - ლათ.), როგორც მოგეხსენებათ, მიწაზე ცხოვრობს და რამდენიც უნდა ვცადოთ და, ხის კენწეროზე კი არა, მთლად ბუჩქის ქვედა ტოტზეც რომ შემოვასკუპოთ, არ დაჯდება - მიწაზე ჩამოსკუპდება და ბალახ-ბულახს მისცემს თავს. ასეა ჩვენი საქმე და ჩემთვის, დღემდე გამოცანაა, თუ რატომ ეიმედებოდა არა ერთს ივანიშვილისა. ახლა, აღმოჩენასავით აღარ ჟღერს: „ტიპი სადაა, აზრზე ხარ?“, მაგრამ ნუ არა, რა.. სადაა, აზრზე ხართ?

„ესენი ვინ არიან, ქუჩაში, რომ დგანან და ამას ითხოვენ? ამ ხალხს შუბლის ძარღვი, რომ დიდი ხანი აქვს გაწყვეტილი გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვს დაკარგული. რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მით უმეტეს, ამ სისტემაზე გადასვლას?“

ეს, მან საერთო სახალხო პროტესტის იმ ტალღის გამო თქვა, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობა ედგა ავანგარდში. ანუ, ამ ქვეყნის მომავალი, ივანიშვილისთვის „ვინცხაა“, გესმით? დღეს, თურმე, გადარჩენის ერთადერთი გზა, მისი გაპრემიერმინისტრობა ყოფილა და ამ საკითხის ტირაჟირებაც, აკი კრეფს და ჰკრეფს ინტენსივობას - ჯერ იყო და, იმ ნაკომუნისტარ დეპუტატს გაახოვანებინეს.. ახლა, კიდევ გაისმა აქა-იქ. ჩავიხედოთ. გახარია, რომელიც ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოთა შორის გამორჩეული „ეგზემპლარის“, ირანის ფულის რეცხვაშია შემჩნეული, რომელიც არა თუ დაბალი რეიტინგისაა საქართველოში, არამედ სრულიად ურეიტინგოა, უკვე იმდენად მიუღებელია, რომ უთუოდ უნდა გაიწიროს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილს ის რამდენიმე თვეც არ ექნება, რომელიც ჰგონია, რომ აქვს. მაგრამ, მეორესმხრივ, გახარიას გაპრემიერება ეს „ღალა“ იყო, რომელიც რუსეთს გადაუხადა და, გარდა ამისა, და ეს არანაკლებ ნიშანდობლივია, შსს-ში ამ რეაქციულ ძალების გაბატონებით, ის ჯიბრში ჩაუდგა თავის ხალხს, რომელიც ბევრად ნაკლები უღირს, ვიდრე თავისი ამბიცია, მართოს „უგუნური“ მასები, ითამაშოს დიდი პოლიტიკა, იქონიოს საკუთარი სახელმწიფო...

და ერთიც - საკუთარი თავის გარდა, მას, უბრალოდ, აღარავინ ჰყავს, ვისაც თავისი მომავლის შესახებ სალაპარაკოდ ენდობა. ის, უკვე ფიზიკურად ჩაერთვება საკუთარი მომავლის უზრუნველყოფაში და იმისთვის, რომ ეს ყოველივე უმტკივნეულოდ ჩაატაროს, „ტიტული“ უნდა ჰქონდეს - ვთქვათ, პრემიერმინისტრისა, როგორც იმის თუნდაც მინიმალური გარანტია, რომ არ „დასნეულდება“ პლოხოტნიუკით. არადა, საფრთხე რეალურზე რეალურია. როგორც ჩანს მას დაავიწყდა, რომ ინდულგენციები აღარ გაიცემა. ასეა თუ ისე, ფაქტია, არაფერმა სხვამ, მასში არ გააღვიძა განცდა, რომ ხელიდან ეცლება ის, რისი შერჩენის იმედი უკვე აღარც კლინიკურად ოპტიმისტებს აქვთ. მხოლოდ კრიმინალ-კვერისდამკვრელთა ოვაციების ფონზე კი, ეს ყოველივე მთელი თავისი უბადრუკობით ვლინდება. ამის ნათელი და, შეიძლება ითვას, ფიზიკური გამოხატულება, ამ რამდენიმე ხნის წინ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი პუბლიკა გახლდათ. არ შეიძლება ის ამას ვერ აცნობიერებდეს. და გათვალისწინებით იმისა, რა პროცესების სტარტად აღიქმება მისი მოლდოველი კოლეგის თავს დამტყდარი ამბავი, გამოდის, ის, ახლა, სლენგს თუ ვიხმართ, „მოტყდომის“ ოპერაციაშია ჩაერთვება. ამასწინად, რუსეთის პარტია „დასავლური არჩევანის“ თავმჯდომარემ კონსტანტინე ბარავოიმ, „პირველ რადიოსთან“ ინტერვიუში, ყოველივე ასე აღწერა:

სხვადასხვა ძალებს სხვადასხვა მიზანი აქვთ საქართველოში. ვფიქრობ, პუტინისა და მისი გარემოცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითი არ გახდეს პირველ რიგში რუსეთისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის მაგალითი. პუტინი შიშობს, რომ განვითარების დემოკრატიული მოდელი გადამდები იქნება. ივანიშვილი პირად პრობლემებს, პირად ფინანსურ პრობლემებს იგვარებს. მან დაიწყო იმით, რომ უკან დაიბრუნა ის თანხები, რაც ხელისუფლებაში მოსასვლელად დახარჯა. ვფიქრობ, რომ წარსულიდან დაბრუნებული პოლიტიკური ძალებს რომელთა დახმარებითაც ივანიშვილი საქართველოს მართავს გადარჩენის პრობლემა ჰქონდათ. ისინი გადაშენების გზას ადგნენ. მათი გავლენა ნულს უტოლდებოდა. ესენი მარგინალური პოლიტიკური წარმონაქმნები არიან. დღეს კი ისინი ხელისუფლებაში არიან და სააკაშვილს ებრძვიან..

ივანიშვილი ებრძვის სააკაშვილს, სააკაშვილმა შემოიკრიბა ძალები, რომლებიც იმ ნახსენებთა მსგავსად, აგერ უკვე 30 წელია პოლიტიკურ სცენაზე დაიარებიან და ებრძვის ივანიშვილს.. მაგრამ, სად ვართ ამ დროს ჩვენ, ამ სახელმწიფოს თანადამფუძნებლები? ჩვენ, რომლებიც სიყრმიდან მოყოლებულნი, აგერ უვე შვილებისა და შვილიშვილების პატრონნი, დავმდგარვართ და ვუცქერთ, როდის დასრულდება ეს ნიაღვარი! სად ვართ? იქ ვართ, სადაც ყოველთვის ვიყავით და დროა, ადგილს შევესაბამებოდეთ! _ მგონი ნაწილობრივ ჩავიხედეთ. ახლა, გამოვიხედოთ. მაინც, როგორ უნდა გახორცილედეს ივანიშვილის გაპრემიერება იმ პარლამენტში, რომელიც ახლა გვაქვს - დიახ, გვაქვს, რადგან ვაი, ამ ყოლას. გახარიას მოხსნა, ახალ კაბინეტს გულისხმობს. ახალი კაბინეტი, ბევრ ხმას. არის ბევრი ხმა? ოპოზიციის გარეშე, განდგომილთა მონაწილეობის გარეშე.. გამოვა? თუ ვერ გამოვა და კრიზისია, რომლის გადაწყვეტის ერთადერთი გზა, რიგგარეშე არჩევნებია. ვის აწყობს არჩევნები გაზაფხულზე? მე თუ მკითხავთ, ივანიშვილს არჩევნები არც გაზაფხულზე აწყობს და სულაც თუ გააუქმებენ, ეგ ურჩევნია, მაგრამ თუ კი ვინმეს აწყობს არჩევნები ახლავე, ეს სწორედ იგია. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში, ხალხთან შეიძლება გაგივიდეს, მაგრამ ხალხზე ვერ გაიმარჯვებ. Coturnix-coturnix - ბალახ-ბულახში ცხოვრობს, კენწეროზე არაფერი ესაქმება.


Comments


bottom of page