top of page

4 აპრილის სიმბოლიზმი

ვიღაცისთვის, აპრილი მოტყუილებით იწყება - ადვილია. ვიღაც, სულაც, და ისედაც, სიცრუის მოსასხამში გახვეულა და არა თუ კაცისა ან კაცთათათვის, ერისა და ბერისთვის ყალბის თქმასაც კადრულობს... შინაურისა და უცხოელის მოტყუილება, ცხოვრების სტილად აუღია და მიგნებადაც კი თვლის, ეგებ..

ჰოდა, აპნევს ნამქერივით. იმისი არ იყოს.. ბავშვს ჰკითხეს, რატომ ტირიო? ბავშვმა, პასუხად, გამდის და ვტირიო. ჰოდა ესეც, ცრუობს - გასდის და ცრუობს.

გასდიოდა! - ძალიან მინდა მთელი რიხითა და თავდაჯერებით ვთქვა, მაგრამ აი, წინ თებერვლის ნახევარია და სრული მარტი...

ჰმ, „ქუდზე კაცის“ დათქმულამდე 4 დღით ადრე, 31 მარტია - უმაღლესი ლეგიტიმაციის რეფერენდუმის წლისთავი, რაც, ფრიად სიმბოლურია.

საერთოდ, აპრილი დახუნძლულია სიმბოლოებით.. XX-XXI ს.ს.-ის საქართველოსთვის, ეს თვე, ბუნების მსგავსად, რომელსაც ცივი ზამთრის შემდეგ საბოლოოდ გამოუღვიძია, ერის გამოღვიძებისა და საჭიროების შემთვევაში, ყალყზე დადგომის ხანაცაა.

ჩვენი პლეადისთვის, აპრილის ეს სიმბოლიზმი 1978 წლის მოვლენებს დაუკავშირდა - მაშინდელი საქართველო 14 აპრილს ყალყზე დადგა და ქართული ენის დასაცავად, ქუჩებს მოედო.. ჩემი თაობისთვის, და, ცხადია, არა მხოლოდ, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა, მთელი საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებული დატვირთვა, დაღვრილის სისხლითაც მიინიჭა. და გახსოვთ?.. - ეს ყველაფერი, სწორედაც რომ 4 აპრილს დაიწყო.

გავიხსენებ.. იმედია, არავინ მიწყენს, თუ კი აღვნიშნავ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი და მასში ამოქმედებული სტუდენტური მოძრაობა, სხვა უმაღლეს სასწავლებელთა შორის, ფლანგმანად იდგა. და ამას, მხოლოდ ის არ უწყობდა ხელს, ცხადია, რომ „ეპიცენტრთან“ ახლოს მდებარობდა - მასზე ახლოსაც იყვნენ „წერტილთან“, მაგრამ ავანგარდში იყო თსუ - „„ალმა მატერ“. აპრილის თბილი დღე იდგა, როდესაც პირველ კორპუსსა და ისტორილ ბაღ-პანთეონში ამბავი გავრცელდა: ეროვნული მოძრაობის ლიდერები და სხვა მოქალაქენი, მაშინდელი „საქარხნო რაიონის“ გასაფიცად მიდიან და ხალხის ნაკლებობა საგძნობიაო. მოგვიანებით, ანალოგიური შეტყობინება, „გეპეიში“ და „სამედიცინოში“ მივიდა და საჭირო დროს და ადგილზე, კაი ძალი ხალხმა მოიყარა თავი.

მსვლელობას ზვიად გამსახურდია ედგა სათავეში. ხელში „მეგაფონი“ ეპყრა და მისი ძირითადი ლოზუნგი გახლდათ: „აფხაზეთი საქართველოა!“ საქმე ისაა, რომ რამდენიმე ხნით ადრე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღავნელმა, ბორის ადლეიბამ, ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც გაიგზავნა თბილისში, კომუნისტურ-მარიონეტულ ხელისუფლებასთან (კონკრეტული ადრესატი მინისტრთა საბჭო), და მოსკოვში - იმპერიის სათევეში მდგარ კომუნისტებთან, რომელებიც, ეჭვგარეშეა, ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ და ადლეიბაც, სავარაუდოდ, მათი მითითებით მოქმედებდა. ამ პეტიციით, იგი ყველას ამცნობდა, რომ ამიერიდან აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკა კი არ გახლდათ, არამედ სრულფასოვანი მოკავშირე რესპუბლიკა (თუ კი მათ ასე შეიძლება ეწოდოთ), როგორც, ვთქვათ, საქართველო და კიდევ 14 მათგანი, ფორმალურად, შეადგენდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუპლიკათა კაშვირს. ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვი, ნგრევის პირას მისული იმპერიის გადარჩენის მიზნით, ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ალაპარაკდა. ცხადია, საქართველოს მოსახლეობას ეს სავსებით არ აღელვებდა - ის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის იბრძოდა, მაგრამ წმინდად ფორმალურად, ასეთი სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიძლებოდა დაედო მხოლოდ თბილისს და არა მასთან ერთად სოხუმს, ისევე, ვთქვათ, როგორც ერევანს, ან მინსკს.

თქვენ იცით, როგორც დასრულდა ყველაფერი და მე არ ვგულისხმობ ღამის სისხლისღვრასა და უმძიმეს ტრაგედიას, რომელმაც ყველა შეგვძრა. მე მხედველობაში მაქვს 1991 წლის აპრილი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - ეს იყო ამ ყოველივეს დასასრული. აი, ეს გახლდათ ჩვენი გამარჯვება! და მგონი, წართმევას გვიპირებენ და დათმობა არ იქნება - საქართველო არ დასრულდება! _ ისე, წარმოიდგენდით, რომ სამ ათეულ წელზე მეტი გავიდოდა, ჩვენ ისევ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნებოდთ ჩართული და.. იმისათვის, რომ იმპერიის ბოროტი ზრახვები ჩავშალოთ, 4 აპრილს, დათქმულ ადგილზე წვევაა. ...აი, ესაა ის, რაც უნდა დასრულდეს!

ქართული სახელმწიფოს ბედი და იღბალი, გზა და გეზი, ორბიტა და მოკავშირეობის საქმე..

და საერთოდ, ყველა დიდი თუ პატარა გასაღები, დამფუძნებელს - ქართველ ხალხს უნდა გადაეცეს, რომელიც შემდგომ, მოახდენს ამ ღვთითბოძებული უფლების შესაბამის დელეგირებას!

ხოლო თუ კი რამემ (ან ვინმემ) ეს ყოველივე ჩაშალა და საქართველოს გზიდან აცდენის მორიგი მცდელობაც გავიდა, ქართველებმა, ნათელ მომავალზე ფიქრი სამომავლოდ გადავდოთ, ხოლო „ძირძველ“ ქართველ პოლიტიკოსებს, ასე ვეტყვი: GAME OVER! - წადით ქართული პოლიტიკიდან!

Comments


bottom of page