top of page

დღე, სახელად The Beatles

ლეგენდარული ლივერპულერი ოთხეულის მსოფლიო დღედ, 16 იანვარი „იუნესკომ“ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ 1970 წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა, იგი დღემდე R&R-ის ლიდერად ითვლება, ხოლო თაყვანისმცემელთა რაოდენობა, მიუხედავად გასული ათწლეულებისა, არ მცირდება.

რამდენიმე წლის მანძილზე, The Beatles-მა მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია სრულიად შეცვალა. The Beatles, დღემდე ყველაზე მეტად გაყიდვადი ბრენდია - აქამდე, მსოფლიოში მილიარდზე მეტი დისკი და გრამფირფიტა გაიყიდა და ეს რეკორდი, ჯერ არავის დაუმხია. სწორედ მათგან დაიწყო კონცერტების სტადიონებზე გამართვის ტრადიცია - აქამდე, მუსიკოსები, უპირატესად რამდენიმე ათას მსმენელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზებში უკრავდნენ. იცოდით, რომ ტელევიზიის ისტორიაში პირველი კლიპიც მათ სახელს უკავშირდება? საქმე ის გახლავთ, რომ უკიდურესად დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, ჯგუფი ფიზიკურად ვერ ახერხებდა მონაწილეობა მიეღო ყველა სატელევიზიო შოუში, რომელსაც ამის სურვილი ჰქონდა. ამიტომ The Beatles-მა მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა და დაგზავნა დაიწყო და თითოეული ფილმი, ამ თუ იმ ონკრეტულ სიმღერას ეხებოდა. ლივერპულელ ოთხეულსვე უკავშირდება ჩანაწერის ყდის უკანა მხარეს სიმღერის ტექსტის დაბეჭდვის ტრადიციაც, რაც, შემდგომში, საყოველთაოდ მიღებული გახდა. პირველი ცნობილი ბითლომანი იყო კურტ რაიმონდ ჯონსი. 1961 წლის 28 ოქტომბერს, მუსიკალურ მაღაზიაში მან გამყიდველს ნაკლებად ცნობილი ჯგუფის, The Beatles დისკი მოსთხოვა. გამყიდველს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვისზე იყო საუბარი, თუმცა ვიზიტორის რჩევით, მოძებნა და მოუსმინა. ეს ლეგენდარული ბრაიან ეპშტეინი გახლდათ, ჯგუფის უცვლელი მენეჯერი, რომელმაც The Beatles პირველი პროფესიონალური ჩანაწერები გააკეთა და მათ საკონცერტო საქმიანობაშიც ეხმარებოდა. არსებობის მანძილზე, The Beatles-მა მუსიკაზე, ტელევიზიასა და, ზოგადად, საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა იქონია.

Comments


bottom of page